ახალი ამბები

პრეზიდენტმა ახალწვეულთა ფიცი ჩაიბარა

26 მაისი, 2017 •
პრეზიდენტმა ახალწვეულთა ფიცი ჩაიბარა

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა პირები.

თავისუფლების მოედანზე ახალწვეულების ფიცი ჩაიბარა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.  ამის შემდეგ პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

“მთელი მრავალეროვანი საქართველოს სახელით, მინდა ყველა დავუდასტურო, ჩვენს დევნილ მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ, რომ ქართული სახელმწიფო არც ერთი ნაბიჯით დაიხევს უკან ქვეყნის გამთლიანების გზაზე. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველაზე კარგი იარაღით, ძლიერი და წარმატებული საქართველოს აშენებით. ამ მიზანს მივაღწევთ მშვიდობით და არა იარაღით,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ახალწვეულებს ფიცის დადება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო არაფრით დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს, დამოუკიდებლობას:

“ჩვენ ვზეიმობთ ქართული სახელმწიფოსთვის უმთავრეს დღესასწაულს. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს. დღევანდელ დღეს მინდა ქედი მოვიხარო სამშობლოსთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების წინაშე და პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. დღეს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი მრავალეროვანი სამშობლო,” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრნენ პრემიერ- მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა პირები.

ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

_________________________________________________________

26 მაისს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი თუ თვითმმართველი ქალაქი აღნიშნავს. ნეტგაზეთის მიერ მომზადებულ ინტერაქტიულ რუკაზე ნახეთ, სად, რა ღონისძიებები იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ სმარტფონით ხართ, უმჯობესია, ტელეფონი ვერტიკალურ მდგომარეობაში დაიჭიროთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი