“15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია არაწევრ ქვეყანაში იმართება. აქ ჩამოსვლა საშუალებაა ჩვენთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მყარი მხარდაჭერა გამოვხატოთ”, – ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, დევიდ ჰობსმა.
დღეს, 26 მაისს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია ოფიციალურად დაიწყო. სესია ოთხ დღეს გაგრძელდება. ამ დროის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება. საქართველოში 49 დელეგაციაა ჩამოსული, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში შედის.
პირველი დღე შეხვედრებით დატვირთული არაა, თუმცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ და ასამბლეის გენერალურმა მდივანმა დევიდ ჰობსმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ამ მოვლენის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათი საქართველოში ყოფნა ქვეყნის მხარდაჭერის დემონსტრირებაა. პაოლო ალიმ საქართველოს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რაც ქვეყანას საერთაშორის უსაფრთხოებისთვის შეაქვს, კონკრეტულად- ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის. პაოლო ალიმ ხაზი გაუსვა საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას დასავლეთის ქვეყნების უსფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იზრდება.
“უფრო და უფრო ვიაზრებთ, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის. თავის მხრივ, ამ რეგიონში სტაბილურობა კი დასავლეთის ყველა ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ საქართველოს და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით და დაცვით ჩვენს ქვეყნებსაც ვიცავთ. ეს არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც აქ ვართ. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა არაწევრ ქვეყანაში იკრიბება. ეს მეხუთედ ხდება ნატოს ისტორიაში და ეს კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, თუ როგორი ერთგული ვართ საქართველოს და მისი რეფორმების პროცესის მიმართ. ახალი მოთამაშეები ჩნდებიან ჰორიზონტზე, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და სხვა ქვეყნები და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს პოზიცია ამ გეოპოლიტიკურ გარემოში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენი აქ ყოფნა ამის დემონსტრირებაა”,- განაცხადა პაოლო ალიმ
სათქმელი მოკლედ თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ნატოს პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება. ირაკლი სესიაშვილმა კი აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე იმითაცაა განსაკუთრებული, რომ საქართველოს შეუძლია, ნატოს რაღაც ასწავლოს და ეს გამორჩეული ქართული სტუმართმოყვარეობაა:
“მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში”- ეს ჩვენი მეგობრის, ჯეიმს აპატურაის სიტყვებია, რომელიც მე ძალიან მომწონს და ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეტი ნატოა საქართველოში. მე მივასალმები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებას და ყველას მადლობას ვუხდი, ვინც კი მონაწილეობა მიიღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენ დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნატოსთან მიმართებაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, ჩვენ ასევე გვაერთიანებს ღირებულებები. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ნატოსგან და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენც შეგვიძლია ნატოს რაღაც ვასწავლოთ და ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ იმის შესახებაც ისაუბრა, რა ორგანიზაციია ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და რა გავლენა აქვს მას ნატოზე. ალის თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა არ არის ნატო, ეს ნატოს გვერდით მდგომი საპარლამენტო და პოლიტიკური ორგანიზაციაა, თუმცა მათ შორის მჭიდრო კავშირია. შესაბამისად, ნატო მათ რეკომენდაციებს ყოველთვის ითვალისწინებს.
პაოლო ალიმ ასევე ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც ახლა საქართველოში განიხილება, თუმცა ეს საკითხი მას არ შეუფასებია, უბრალოდ, აღნიშნა, რომ ინფორმირებულია საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. პაოლო ალის მაპის გარეშე საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებაც ჰკითხეს, თუმცა ამ შეკითხვას კონკრეტულად არ უპასუხა. მან კიდევ ერთხელ შეახსენა შეკრებილებს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია.