ახალი ამბები

უგულავა: მინდა ნარმანიას და პრემიერ–მინისტრს შევთავაზო, დაფიქრდნენ

22 თებერვალი, 2013 •
უგულავა: მინდა ნარმანიას და პრემიერ–მინისტრს შევთავაზო, დაფიქრდნენ

გიგი უგულავას განცხადებით, არ არსებობს ჯანსაღი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა აშენდეს ხიდი:

“მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა დასაჯოს თბილისელები იმისათვის, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავართ. იმის მაგივრად, რომ დავმსხდარიყავით და კონსულტაცია ჩაგვეტარებინა, ქონების მართვის სამსახურის უფროსი ამ თემაზე ანტიკორუფციულ დეპარტამენტშია დაბარებული. მე მინდა ნარმანიას და ასევე პრემიერ–მინსიტრს მივმართო, რადგან უკვე ბუნდოვანია, ვინ წყვეტს ამ საკითხს, მინდა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე შევთავაზო, რომ დაფიქრდნენ, გავიაროთ კონსულტაციები, თუ ვინმეს ხიდის დიზაინი არ მოსწონს და ძვირი შესანახი იქნება, შეგვიძლია მთლიანად მოვხსნათ ეს და როგორი დიზაინისაც უნდათ, ისეთი დიზაინის იყოს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის მერის თქმით, “ვეფხისა და მოყმის” მიმდებარე ტერიტორია ქალაქის ერთ–ერთ მძიმე კვანძს წარმოადგენს, თუკი ქალაქის სხვა ტერიტორიაზე ხიდებს შორის დაშორება 700 მეტრიდან 1200 მეტრამდეა, ამ მონაკვეთში ხიდები 3 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული:

“ვიმეორებ, გადავდოთ ყოველგვარი პოლიტიკური დაპირისპირება, მზად ვართ დავსხდეთ და გავმართოთ კონსულტაციები. ჩვენ მოგვეპოვება მასალა ამ ხიდის აშენების საჭიროების შესახებ, ოღონდ იყოს ხიდი და იყოს ნებისმიერი დიზაინის, მე არ მაქვს არანაირი აკვიატებული იდეა ამ ხიდთან დაკავშირებით”, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის  ქუჩის  დამაკავშირებელი  ე.წ. დაკიდული  ხიდის აშენების პროექტთან დაკავშირებით დღეს, 22 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში მოწმის სახით დასაკითხად თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედია დაიბარეს.

 
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (მგფ) რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აღარ განახორციელებს რამდენიმე მასშტაბურ პროექტს, რომელიც გასულ წელს დაიგეგმა, რადგან მთავრობა მათ მიზანშეუწონლად მიიჩნევს, მათ შორისაა ე.წ. დაკიდული ხიდიც.

 

ფონდის განცხადებას თბილისის მერია გამოეხმაურა და მოუწოდა კიდევ ერთხელ გადახედოს მარშალ გელოვანისა და სამტრედიის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტს. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი