ახალი ამბები

ომბუდსმენი: დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაკავება საეჭვოდ დაემთხვა თურქეთის პრემიერის ვიზიტს

25 მაისი, 2017 • 2125
ომბუდსმენი: დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაკავება საეჭვოდ დაემთხვა თურქეთის პრემიერის ვიზიტს

ომბუდსმენის აპარატმა დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაკავების საქმის შესწავლა დაიწყო. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სანამ საკითხი არ გაირკვევა, თურქეთის მოქალაქის სამშობლოში ექსტრადირება არ უნდა მოხდეს.

უჩა ნანუაშვილის თქმით, კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქიმისის დაკავება საეჭვოდ დაემთხვა საქართველოში თუქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის ვიზიტს.

“ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ საქმის შესწავლა. გუშინ ჩვენმა წარმომადგენელმა მოინახულა ბრალდებული, დღეს ადვოკატებს შევხვდებით და ვეცდებით, უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ. ამ ეტაპზე ნებისმიერი ექსტრადიცია უნდა ავირიდოთ მანამდე, სანამ რეალურად არ შევისწავლით და არ გაირკვევა საკითხი. ზოგადად, გარკვეული კითხვის ნიშნები ნამდვილად არსებობს, ამაზე ადვოკატებიც საუბრობენ და თავად ბრალდებულიც,” – აღნიშნავს ნანუაშვილი.

ომბუდსმენის თქმით, დაკავებული უარყოფს ტერორიზმთან კავშირს:

“ჩვენ ამ საქმეს ვაკვირდებით და ვმუშაობთ სიმართლის გასარკვევად. მისი დაკავება საეჭვოდ დაემთხვა, თუნდაც თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს. ეს საზოგადოებაში გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.”

__________________________________________________________________

თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი გუშინ დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს.

ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

“ამ ადამიანს საერთოდ არ ჰქონდა მათთან შეხება. ბრალად სდებენ იმას, რომ თითქოს ის  დემირელის კოლეჯის ერთ – ერთ მეწილეს ეხმარებოდა წილის გასხვისებაში ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაზე (მეტროპოლიტენ ედუქეიშენ ენდ კონსალთინგ სერვისი). ეს ამერიკული კომპანია მიჩნეული არ არის ტერორისტულ ორგანიზაციად, რადგან ის აშშ-შია რეგისტრირებული და ასე რომ იყოს, კომპანიის მიმართ, ბუნებრივია, ამერიკაშიც იქნებოდა პრეტენზიები… წილის გასხვისება თუ ტერორისტული საქმიანობა იყო, ეს პირველად გავიგე”, – ამბობს ბარათაშვილი.

ბარათაშვილის ცნობით, ჩაბუქი 2-წელია მუდმივად საქართველოში ცხოვრობს და ბინადრობის ნებართვას ფლობს.

2017 წლის თებერვალში ჩაბუქმა კოლეჯის მფლობელების (იუსიფ ალთაში, მოქალაეობა – თურქეთი, ფლობს წილის 20%-ს, იაშარ შიმშექი, თურქეთი- 20%, ჯიჰარ აქინი, გერმანია- 60%) მინდობლილობით საჯარო რეესტრს ორჯერ მიმართა განცხადებით, რომლის მიხედვითაც, დემირელის კოლეჯის წილები ზემოხსენებულ ამერიკულ კომპანიაზე უნდა გადარეგისტრირებულიყო, თუმცა რეესტრმა ეს მოთხვნა არც ერთხელ დაუკმაყოფილა. გარდა ამისა, ჩაბუქის განცხადების მიხედვით, დემირელის კოლეჯს უნდა შეცვლოდა სახელი (ქართულ – ამერიკულ სკოლა მეტროპოლიტენი).

მასალების გადაბეჭდვის წესი