ახალი ამბები

საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 1539 ადამიანს აქვს [ინფოგრაფიკა]

24 მაისი, 2017 • 2504
საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 1539 ადამიანს აქვს [ინფოგრაფიკა]

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2015-2017 წლებში საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 1539 პირს მიენიჭა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მარტოხელა მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, რომლის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პარლამენტისთვის მიწოდებული დოკუმენტების თანახმად, მარტოხელა მშობლის შესახებ კანონის მიღებიდან, კერძოდ, 2015 წლის 16 ივნისიდან 2017 წლის 12 აპრილამდე, მარტოხელა მშობლის სტატუსი 1539 პირს მიენიჭა. აქედან სტატუსის დადგენის მოთხოვნა სრულად 1514 შემთხვევაში დაკმაყოფილდა, ხოლო ნაწილობრივ – 25 შემთხვევაში.

2015 წელს წელს სტატუსი მიენიჭა 125 პირს, 2016 წელს – 1086 პირს, ხოლო 2017 წლის 12 აპრილის მდგომაორეობით – 328 პირს.  ამავე მონაცემებით, კანონის მიღებიდან დღემდე მარტოხელა მშობლის სტატუსი დაქორწინების მიზეზით 15 მშობელს შეუწყდა.

მარტოხელა მშობლები საქართველოში
Create pie charts

“ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის” წევრი სალომე მეზურნიშვილი მიიჩნევს, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის კრიტერიუმები შესაცვლელია. მისი თქმით, არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც ამ სტატუსის მიღმაა დარჩენილი და ბავშვს მარტო ზრდის:

“ამ სტატისტიკის მიღმა უამრავი ადამიანია, რომლებიც ბავშვს, ფაქტობრივად, მარტო ზრიდან, მაგრამ კანონი ბოჭავს და მარტოხელა მშობლის სტატუსს ვერ ღებულობენ. ქორწინების გარეშე ბევრ ადამიანს ჰყავს ბავშვი გაჩენილი, მაგრამ დაბადების მოწმობაში მამის მონაცემი არის. ეს იმიტომ, რომ სტიგმის ეშინიათ, საკუთარ შვილებს ბულინგისგან იცავენ,” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, სტატისტიკის მიმართულებით სერიოზული პრობლემებია:

“ ჩვენ სრული სურათი არ გვაქვს, თუ რამდენი მარტოხელა მშობელი ცხოვრობს საქართველოში. იუსტიციის სამინსიტროს ერთი მონაცემი აქვს, ჯანდაცვის სამინისტროს – მეორე. ეს სფერო მოუწესრიგებელია და ბევრ ხარვეზს შეიცავს. მინიმუმ ოთხი-ხუთი კანონია შესაცვლელი. საჭიროა ფორმატის შექმნა, სადაც სხვადახვა უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ერთობლივად იმუშავებენ ხარვეზების გამოსწორებაზე. თუ დონორებიც დაგვეხმარებიან, ძალიან კარგი იქნება,” – აღნიშნავს გოგიჩაიშვილი.

________________________________________________________

კანონის მიხედვით,  მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ან შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით, მარტოხელა მშობლის მიერ წლის განმავლობაში მიღებული 3 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება.  მარტოხელა მშობლებისთვის სხვა შეღავათს კანონი არ ითვალისწინებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე – მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი შესაძლოა დაქორწინება აღარ გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი