ზემფირა ეიბოვა დაახლოებით 30 წელია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცხოვრობს, სადაც უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია. როგორც გვიყვება, ამ დროის განმავლობაში მათ არასდროს ჰქონიათ სახლებში სასმელი წყალი და მის მოსატანად ძირითადად ქალები ახლომდებარე ხევში, წყაროზე ჩადიან.
მისი ოჯახის წევრები ამჟამად თურქეთსა და აზერბაიჯანში მუშაობენ და სახლში რძალთან ერთად ცხოვრობს. სახლის საქმეს ეიბოვა დამოუკიდებლად უძღვება. სასმელი წყლის მოსატანად დღეში ორჯერ – დილით და საღამოს, ხევში წყაროსთან ჩადის, ან ფეხით, ან ვირით. ძირითადად წვიმის წყალს აგროვებენ და დასარეცხად, დასაბანად მას მოიხმარენ. როგორც თავად ამბობს, თუ მშრალი ამინდები დიდხანს გაგრძელდა და წყლის შეგროვება ვერ შეძლეს, მაშინ დიდი ბოცებით მიდიან მანქანით წყაროზე და ისე ეზიდებიან წყალს.
ზემფირა ეიობოვას მსგავსად ყოველდღიურად სახლში სასმელი წყლის მიტანა ამ სოფელში ძირითადად მხოლოდ ქალებს უხდებათ.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი ხალხით დასახლებული სოფლების – იორმუღანლოს, ლამბალოს და კეშალოს ორღობეებში შეხვდებით ურიკებიან, ბოცებიან ან თუნგებაკიდებულ ქალებს, რომლებიც წყაროზე წყლის მოსატანად მიდიან. ისინი უცხო ადამიანეთან საუბარს ერიდებიან და არც ფოტოების გადაღების უფლებას გვრთავენ. წყაროზე შევხვდით ქალებს, რომლებიც სახლში წყლის წაღების ნაცვლად, სარეცხს იქვე, ცივ წყალში რეცხავდნენ. ისინი ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, რომ ოჯახის საქმეებს აკეთებენ და წყლის მომარაგებაც მათი მოვალეობაა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქურდოვანიძე ამბობს, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში წყლის პრობლემის შესახებ ინფორმაციას ფლობენ და პრობლემა სოფლებში ათეული წლებია არსებობს. მისი თქმით, ამჟამად მხოლოდ ერთი სოფლის, დუზგრამას მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეძლო წყლის სახლებში შეყვანა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ჭაბურღილის რეაბილიტაციას ახორციელებს, სხვა პროექტი, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს, წელს არ იგეგმება.