ახალი ამბები

ღარიბაშვილი ბარბარე რაფალიანცის ოჯახს შეხვდა

20 თებერვალი, 2013 • 1041
ღარიბაშვილი ბარბარე რაფალიანცის ოჯახს შეხვდა

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დროს მინისტრმა ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა და მათ გამოძიების მიმდინარეობის დეტალები გააცნო, ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების ვერსიებიც მოისმინა.

 

ბარბარე რაფალიანცის დეიდა დალი მექერიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მათ ორი დღის წინ მიმართეს შსს-ს განცხადებით, რომლითაც ითხოვდნენ ღარიბაშვილთან შეხვედრას საქმესთან დაკავშირებით მათ მიერ აღმოჩენილ ახალ გარემოებებზე სასაუბროდ.

 

“არ იყო მის ყურამდე მისული ამ ახალი დეტალების შესახებ და გამოძიება ამ კუთხით არ იყო დაწყებული. არადა, ჩვენ თითქმის უკვე ერთი თვეა, რაც მივაწოდეთ ინფორმაცია ამის შესახებ გამოძიებას და ფიზიკურად არ იყო მის მიერ გამოგზავნილი გამომძიებლებიდან დაწყებული გამოძიება და მინისტრი დღეს დაგვპირდა, რომ გამოცვლის გამომძიებლებს და სხვა გამომძიებლები ჩამოვლენ და დაამატებს კიდევ კადრებს”, – აცხადებს დალი მექერიშვილი.

 

მექერიშვილის თქმით, მასთან მივიდა ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომლის ვინაობასაც ამ ეტაპზე არ ასახელებს და აჩვენა ვიდეომასალა, რომელზეც, როგორც ბარბარე რაფალიანცის დეიდა ამბობს, ასახულია ჩვილის მკვლელიც და დამკვეთიც:

 

“ამ მასალაში ძალიან ნათლად ჩანს მკვლელიც და დამკვეთიც, ეს მასალა პირადად მე ვნახე. იქ საუბრობს ერთ-ერთი პიროვნება და მკვლელიც და დამკვეთიც ნათლად ჩანს. ეს მასალა ჯერ არსად არ გავრცელებულა. მოვიდა ჟურნალისტი და გვაჩვენა უბრალოდ, მაგრამ მერე არ გაუშვა და რატომ, არ ვიცი. ვინ არის ეს ჟურნალისტი, მაგაზე არ მინდა ვისაუბრო და პრობლემა შევუქმნა გამოძიებას”, – ამბობს დალი მექერიშვილი.

 

მისივე თქმით, ოჯახს არ გააჩნია ეს ვიდეომასალა და, შესაბამისად, შს მინისტრისთვის დღეს არ მომხდარა ამ ვიდეოფირის გადაცემა. მისივე თქმით, ამ მასალის მიხედვით ისევ იკვეთება 10 თვის ჩვილის მკვლელობის პოლიტიკური მოტივი:

 

“არ მინდა შევუშალო გამოძიებას ხელი, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა “ნაციონალების” მხრიდან”, – აცხადებს დალი მექერიშვილი.

 

10 თვის ბარბარე რაფალიანცი ოჯახის წევრებმა გასული წლის 30 სექტემბერს იპოვეს ქვევრში დამხრჩვალი. იმავე ღამით გურჯაანის მაშინდელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა მისი ოპონენტი, გურჯანიის ამჟამინდელი მაჟორიტარი “ნაციონალებიდან” გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა ბავშვის პოლიტიკური ნიშნით მკვლელობაში, რაც მაშინვე უარყო ღვინიაშვილმა.

 

შსს-ს ამ დრომდე არ გამოუძიებია 10 თვის ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი