გადაცემის “ბავშვები დრო” 23 მაისის გამოშვება სათაურით “ონანიზმი ბავშვებში” გავიდა. გადაცემა მცირეწლოვანი ბავშვების იმგვარ ქცევას ეთმობოდა, როცა ისინი გენიტალიების სტიმულაციას მიმართავენ. ამ გადაცემის გამო არასამთავრობო ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” პროკურატურას მიმართა. რა მოვლენაა ბავშვებში გენიტალიების სტიმულაცია, როგორ უნდა უპასუხონ ამ ქცევას მშობლებმა და პედაგოგებმა ბაღში – ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი” ბავშვთა ფსიქოლოგს მაია ცირამუას ესაუბრა:
ქალბატონო მაია, პირველ რიგში ვისაუბროთ, რა მოვლენაა ეს, როგორ უწოდებენ მას?
პრობლემურია, თუ როგორ მიაწოდეს ეს თემა საზოგადოებას, ეს იყო გადაცემის სათაური “ონანიზმი ბავშვებში”. ამ სიტყვამ გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი, საზოგადოების გაბრაზება, როცა შეიძლება, ეს სულ სხვა ქცევის კატეგორიაში განვიხილოთ. ზოგჯერ ესაა თვითსტიმულაციური ქცევა, რაც ბავშვებს ახასიათებთ ხოლმე. სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული, იმითიც, რომ მას აკლია ყურადღება, სითბო. არა მხოლოდ სასქესო ორგანოებთან დაკავშირებული, სხვა ტიპის ქცევებიცაა, მაგალითად, როდესაც ზის და ირწევა სკამზე, ამ ქცევებით ბავშვი ან სტრესს უმკლავება, ან სიმშვიდეს, თუ გარკვეული ტიპის სიამოვნებას გვრის. ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, ეს რასთანაა დაკავშირებული. შესაძლებელია მშობლის მხრიდან ყურადღების დეფიციტთან იყოს კავშირში, შეიძლება სტრესული წარმომავლობა ჰქონდეს. ასევე არის მეორე მომენტი, რომელიც ბავშვის ნორმალური სქესობრივი განვითარების ნაწილია, როდესაც ის აღმოაჩენს თავის გენიტალიებს, იწყებს მის შესწავლას და ხშირად ეხება.
მე აღნიშნული გადაცემა ვნახე, ფსიქიატრი ამ ქცევის ნორმალიზებას ახდენს და ამბობს, რომ ამაში არაფერია საგანგაშო. ამ გადაცემის პრობლემა შინაარსში და დამოკიდებულებაში კი არაა, არამედ სათაურში, რომელიც აშკარად ყვითელია, გამიზნულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდოს. ისევ და ისევ ბავშვია გამოყენებული ძალიან ცუდად. ხშირ შემთხვევაში ასეთი ყვითელი სათაურებით და არასწორი აქცენტებით ხდება ხოლმე ბავშვის დემონიზება – ეს ცუდი ბავშვები, ეს უზნეო ბავშვები. მშობლები პანიკაში ვარდებიან, თუ მსგავსი რამ შვილებისთვის შეუმჩნევიათ. პრომო აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო და სცდება ყველანაირ ჟურნალისტურ სტანდარტს. აბსოლუტურად არასწორად აყენებს საკითხს. გადაცემისთვის შეიძლებოდა დაერქმიათ უწყინარი სათაური – სტიმულაციური ქცევები ბავშვებში- და ამ ქუდის ქვეშ განეხილათ ეს გამოვლინება.
თვითონ გადაცემაში კი ჩანს, რომ მშობელმა ეს ვიდეო გადაუღო არა იმიტომ, რომ ტელევიზიისთვის გაეგზავნა და საჯარო სივრცეში გამოეფინა, არამედ გადაუღო იმიტომ, რომ ის იყო შეწუხებული ამის გამო და უნდოდა, რომ სპეციალისტისთვის ეჩვენებინა. თუმცა ამ ყველაფრის ტელევიზიაში მიტანა და ბავშვის პირადი სივრცის დარღვევა აბსოლუტურად გაუმართლებელია და ეს ერთი პრობლემური საკითხია. მეორე არის აღმზრდელის დამოკიდებულება, რომელიც ყვება ამ გადაცემაში ისტორიას, სადაც ჩანს აბსოლუტური არაპროფესიონალიზმი. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ბავშვი, რომელსაც ეს ქცევა ახასიათებდა, მისი დემონიზება მოახდინეს. საბოლოო ჯამში, ეს ბავშვი წაიყვანეს ბაღიდან. ამ ტიპის ქცევის გამო მოხდა ბავშვის გარიყვა, რაც მიანიშნებს იმას, რომ სკოლამდელი აღზრდის სისტემაში პროფესიონალიზმის სერიოზული დეფიციტია და წარმოდგენაც არ აქვთ, ამ ასაკის ბავშვებთან როგორი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ, რა ტიპის ქცევები შეიძლება ახასიათებდეთ. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მოგვარება.
ქალბატონო მაია, რა ასაკში იჩენს ხოლმე ასეთი ქცევები თავს?
არის შემთხვევები, როდესაც ძალიან პატარა ბავშვებში ვლინდება. ინდივიდულურია.
შეიძლება არც გამოვლინდოს, ხომ?
რასაკვირველია, შესაძლებელია. ეს ყოველთვის რაღაცის დეფიციტიზე მიანიშნებს – სითბოს, სიყვარულის, კომუნიკაციის. თუ სქესობრივი განვითარების რაკურსით შევხედავთ, ბავშვი საკუთარ სხეულს სწავლობს. საკუთარი სხეულის აღქმის და შესწავლის ნაწილი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი.
მშობელმა როგორ უნდა უპასუხოს ბავშვის ამ ქცევას?
არ შეიძლება ყურადღების განსაკუთრებული გამახვილება, სხვადასხვა მეთოდით შეიძლება ბავშვს ყურადღება გადაატანინო. მაგალითად, სხვა აქტივობაზე, რომელიც ასევე საინტერესო და სასიამოვნოა მისთვის და, რაც მთავარია, იფიქრო იმაზე, რისთვის სჭირდება ბავშვს ეს ქცევა. დასვა კითხვა, ხომ არ არის ეს გამოწვეული, რომ მე, როგორც მშობელი, არასწორად ვაგებ მასთან კომუნიკაციას და ცვლილებებია საჭირო ჩვენს ურთიერთობაში? ასეთი სათაურის გამოტანა, აჟიოტაჟის ატეხვა და ისტერიული პრომოუშენი არის დიდი დანაშაული. თვითონ შინაარსი გადაცემის, თუ არ გავითვალისწინებთ ამ კადრებს, ახდენს ამ ქცევის ნორმალიზებას, ამბობს, რომ არაფერი საგანგაშო არაა.
მშობლები შფოთავენ განსაკუთრებით ამის გამო, რადგან არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სივრცეში, იგივე ბაღში მიმართავენ ამ ქცევას.
ესეც უნდა ასწავლო ბავშვს, ესაუბრო და მიანიშნო, თავისი ასაკიდან გამომდინარე. მაშინაც კი, როდესაც ის თავის ოთახშია ამით დაკავებული, შეეცადო, რომ ჩაანაცვლო ეს სხვა ტიპის ქცევით. განგაშის ზარი ასატეხია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ქცევაში ჩანს იმის ნიშნები, რომ მან იმაზე მეტი იცის, ვიდრე უნდა იცოდეს ამ ასაკის ბავშვმა. მაგალითად, აკეთებს სექსუალური აქტის იმიტაციას, რაც თავისთავად ბავშვს ვერ ეცოდინება. თუ ეჭვი ჩნდება, რომ ეს სადღაც ნახა და ისწავლა, უკვე ყურადღებით უნდა იყოს მშობელი, ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას ხომ არ აქვს ადგილი.
ბაღზე და პედაგოგებზე მინდა გკითხოთ, თუ მასწავლებელი შენიშნავს ამგვარ ქცევას, როგორ უნდა უპასუხოს, მშობელს შეატყობინოს, თუ თავად დაამყაროს კომუნიკაცია ბავშვთან?
მშობელიც უნდა იყოს ჩართული და იცოდეს ამის შესახებ. ბავშვთან კი სწორი კომუნიკაცია უნდა დამყარდეს. ბავშვი უნდა დააკავოს ისეთი აქტივობით, რაც ნაკლებად მისცემს იმის შესაძლებლობას, მიმართოს თვითსტიმულაციას. ისეთი აქტივობა უნდა მოიფიქრო, ბავშვი მთლიანად გადაერთოს ამაზე. ეთიკური ნორმები უნდა იყოს დაცული პირველ რიგში, ამ ბავშვის პირადი სივრცე უნდა იყოს დაცული. არ შეიძლება ბავშვის მშობელი გახადო იძულებული, ბავშვი ბაღიდან გაიყვანოს.
არასწორმა პასუხმა, დასჯამ რა შედეგები შეიძლება გამოიღოს გრძელვადიან პერსპექტივაში?
არასწორი რეაქციის დროს სხვადასხვა რისკი არსებობს. თუ ისჯება ბავშვი ამის გამო და რა ფორმით ისჯება, ამასაც აქვს მნიშვნელობა. ან ამ ქცევას უკრძალავენ და არ ხდება ამ ქცევის ჩანაცვლება სხვა ქცევით, ძალადობრივმა დამოკიდბულებამ შეიძლება სხვა ტიპის ქცევითი პრობლემები გააჩინოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტთან კონსულტაცია. თუ ამას აქვს სისტემატური ხასიათი, კითხვა უნდა დავსვათ – რამდენი ხანია ეს ვლინდება? რამდენად ხშირია ასეთი ქცევა? რამდენად ინტენსიურია? რამდენად უშლის ეს ქცევა ხელს ბავშვს ჩვეულებრივ ფუნქციონირებაში? აღარ თამაშობს და მხოლოდ ამითაა დაკავებული? სხვა ბავშვებთან თამაშს ამით დაკავება ურჩევნია? ეს ის ნიშნებია, როდესაც სპეციალისტთან უნდა წაიყვანოთ. თუ ეს ერთჯერადი ან იშვიათი მოვლენაა, არ არის საჭირო ნამდვილად ზედმეტად ყურადღების გამახვილება. ერთადერთი რეკომენდაციაა, მშობელმა ბავშვი ბუნებრივად სხვა ტიპის აქტივობაზე გადართოს, უამრავი რამაა, რითაც შეიძლება ბავშვი დააინტერესო.