უსუფაშვილის თქმით, რამდენიმე დღის მანძილზე ინტენსიური მუშაობის შედეგად მიღწეულია შეთანხმება კონსტიტუციური ცვლილებების გარშემო ყველა საკითხზე, მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზება შეუძლებელი გახდა საჯარო მოხელეების ამნისტიის კანონზე შეთანხმების ვერმიღწევის გამო.
დავით უსუფაშვილის თქმით, გასული წლის 27 დეკემბერს შესთავაზა უმრავლესობამ საპარლამენტო ოპოზიციას შეთანხმება ერთადერთ საკითხზე, კერძოდ, კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებაზე, რომლითაც პრეზიდენტს შეუძლია ერთპიროვნულად ახალი მთავრობის ფორმირება.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მოლაპარაკების პროცესში “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მათ მიიღეს სხვა წინადადებები და 15 თებერვლის მდგომარეობით, მთავრობა დათანხმდა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის სანაცვლოდ ყველა სხვა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად დაწესებულიყო 2/3-ის ნაცვლად 3/4 ქვორუმი, ანუ ნაცვლად 100-სა, 113 ხმით მიეღო პარლამენტს გადაწყვეტილება.
უსუფაშვილის თქმით, ასევე, უმრავლესობა დაეთანხმა უმცირესობის წინადადებას საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ კონსტიტუციაში გაკეთებულიყო ისეთი ჩანაწერი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენდა, ოღონდ პრემიერის პირობა იყო, რომ ეს ტექსტი ყოფილიყო შეთანხმებული ევროკავშირთან და ნატოსთან.
მესამე საკითხი, რომელსაც დაეთანხმა უმრავლესობა, ეხებოდა პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს, კერძოდ, ამ საკითხს კენჭს არ უყრიდნენ საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მანამდე ქუთაისში დარჩებოდა პარლამენტი.
“დავთანხმდით იმასაც, რომ კონსტიტუციის 2010 წლის მოდელი ამოქმედებულიყო ნაწილობრივ”, – აცხადებს უსუფაშვილი, კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში დარჩენილიყო გუბერნატორების დანიშვნა, ასევე, უცვლელი დარჩენილიყო პრეზიდენტის იმპიჩმენიტის გართულებული პორცედურები და ა.შ.
უსუფაშვილის თქმით, 16 თებერვალს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მათ შესთავაზა უპირობო და სრული ამნისტია ყველა საჯარო მოხელეზე – პრეზიდენტიდან დაწყებული მუნიციპალიტეტის თანამშრომლით დამთავრებული, ყველა დანაშაულზე, რომელიც მათ ჩაიდინეს 2012 წლის 1 ნოემბრამდე, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა.
“ამაზე ჩვენი საპასუხო წინადადება 17 თებერვალს იყო შემდეგი – მზად ვიყავით საშუალო და ქვედა რგოლის ყველა საჯარო მოხელისთვის ამნისტია გამოგვეცხადებინა, ოღონდ 1 ოქტომბრადე ჩადენილი დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა.
ასევე, თანახმა ვიყავით ნაწილობრივ ამნისტიაზე ყველა დანარჩენი მაღალი თანამდებობის პირებისათვის და ასეთი მაღალი რანგის 1500-მდე საჯარო მოხელეა: კერძოდ, თუკი ისინი იქნებოდნენ ბრალდებულები რაიმე დანაშაულში და აღიარებდნენ ამას, სისხლის სამართლის სასჯელისგან გათავისუფლდბოდნენ და საჯარო სამსახურში 5 წლის ვადით აეკრძალებოდათ საქმიანობა – ეს იყო ჩვენი წინადადება”, – აცხადებს უსუფაშვილი.
მისივე თქმით, ამ წინადადებაზე მიიღეს უარი “ნაციონალური მოძრაობისგან” 18 თებერვალს და მოითხოვეს სრული და უპირობო ამნისტია ყველა საჯარო მოხელისა და თანამდებობის პირისთვის, გარდა პრეზიდენტისა, მინისტრებისა და პარლამენტის წევრებისა, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა.
“ჩვენ ამ საკითხზე დათანხმება არ შეგვიძლია, ეს იქნება უსამართლობა”, – აცხადებს უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეისთვის, ანუ 20 თებერვლისთვის უმრავლესობის პასუხი არის რამდენიმეპუნქტიანი გეგმა:
– 2 კვირის ვადაში მომზადდება საჯარო მოხელეების ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც დაეფუძნება 17 თებერვალს უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ წინადადებას;
– საჭიროების შემთხვევაში და პოლიტიკური პორცესებიდან გამომდინარე, ეყრება კენჭი მთავრობის ფორმირების პროცესში პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხს კონსტიტუციაში;
– არ განიხილება პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე;
– საგარეო პოლიტიკის კურსის ურყეობაზე ინტერფრაქციული ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას და 15 მარტამდე რეზოლუციას მიიღებს პარლამენტი ამ თემაზე;
– შეიქმნება საკონტიტუციო ცვლილებების კომისია, რომელიც იმუშავებს, მათ შორის, ევროპული არჩევანის კონსტიტუციაში ასახვის შესაძლო მოდელების შესახებ;
– საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის მიზნით იმუშავებს ჯგუფი 1 მარტიდან და მის შემადგენლობაში შევლენ არასაპარლამენტო პარტიებიც და არასამთავრობო ორგანიზაციები;
– 1 მარტამდე გაეცნობა საზოგადოებას ღონისძიებათა გეგმა, რომელიც შეეხება საზოგადოებრივი წესრიგის უმკაცრესად დაცვას პრეზიდენტისა და ოპოზიციის ღონისძიებებზე;
– სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფა, კერძოდ, საუბარია საერთაშორისო ექსპრტების ჩართვისა და მონიტორინგის ჯგუფების შექმნის საკითხებზე;
– ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული საჯარო მოხელეების კანონით დაცვა;
– საერთაშორისო საზოგადოების სრულყოფილი და დროული ინფორმირება მაღალი თანამდებობის პირების მიმართ აღძრული საქმეების შესახებ.
“ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ერთნაირად იყოს დაცული ჩიორა თათქთაქიშვილის ცხვირიც და ვალერი გელაშვილის ცხვირიც და კობა დავითაშვილის სახე და თვალები”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ამ გეგმის განხორციელების პარალელურად უმრავლესობა არ წყვეტს დიალოგს ოპოზიციასთან.
“რაც შეეხება ჩვენი საკონსტიტუციო ინიციატივის მთავარ ამოცანას, იგი მიღწეულია – პრეზიდენტის ხელში არსებული დესტაბილიზაციის იარაღი მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა და, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ქართველ ხალხს არ მოუხდება მისი განიარაღება”, – აცხადებს უსუფაშვილი.