სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, ლაშა თორდია ამბობს, რომ დღეს, 24 მაისს “ფეისბუკზე” გავრცელებული ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ლაშა თორდია კონფლიქტში მონაწილეობს, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურში ინახებოდა.
თორდია ამბობს, რომ ამ კადრებს შოთაძე სხვა ადამიანებსაც აჩვენებდა.
ლაშა თორდიას განცხადებითვე, ამ კადრების გავრცელება უკავშირდება მის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ცემაში დადანაშაულებას.
“ამ ვიდეოსთან დაკავშირებით და, ზოგადად, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, პირველივე დღეებში გაიხსმა მუქარა ოთარ ფარცხალაძის განცხადებაშივე და შემდგომ, მისი ადვოკატების მხრიდანაც. ეს მუქარა მას აღუსრულა ირაკლი შოთაძემ. ნათელია უკვე, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა არის ჩართული იმისათვის, რომ ფარცხალაძე გამოიყვანონ ამ მდგომარეობიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მიშა ჩოხელსაც ვიხილავთ თავგახეთქილს იმიტომ, რომ შემდგომ თქვა, რომ მე მას თავი გავუტეხე და ასეთ ფორმატში იქნება სულ ურთიერთობა. ძალიან ნათელია ჩემთვის უკვე სურათი, მაგრამ მე პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ ეს დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა პირდაპირ და ვიდეოჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო, მას ნამდილად არ შერჩება ასე მარტივად. მე ვიცი, რომ მას მობილურში ჰქონდა ეს ჩანაწერები, ანახებდა ხალხს და ეს ჩანაწერები აქვს ხალხს ნანახი კიდევაც, თუმცა მაშინაც, როდესაც ეს მუქარა გაისმა, მე ვთქვი, რომ არ მეშინია არანაირი კადრების გავრცელების და მათ ეს აღასრულეს,”- განაცხადა ლაშა თორდიამ.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურსაც, სადაც თავიანთი პოზიციის შესახებ ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.