დღეს, 23 მაისს, რუსთავის კლინიკაში ორი ჩვილი გარდაიცვალა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, დანიშნულია ექსპერტიზა.
სამინისტროს ინფორმაციით, გამთენიისას რუსთავის კლინიკაში ორივე ჩვილი, ერთსაათიანი ინტერვალით, რუსთავიდან და გარდაბნის რაიონიდან შეიყვანეს. ორივე შემთხვევაზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.
“ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ. პირველი სასწრაფომ შემოიყვანა, უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე პაციენტი 1 საათის შემდეგ ახლობლებმა გულგაჩერებული შემოიყვანეს. რეანიმაციული ღონისძიებები ჩატარდა, მაგრამ უშედეგოდ,” – განუცხადა კლინიკის ექიმ-თერაპევტმა გიორგი მოდებაძემ ტელეკომპანია იმედს.
ტრაგიკულ შემთხვევას განცხადებით გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, გოგონების გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ასპირაცია იყო. ასპირაცია გულყრის შედეგად გაგუდვას ნიშნავს:
“112-ში შეტყობინება 07:49 საათზე შევიდა, გამოძახება გადაეცა რეგიონულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს, რომელიც ადგილზე გამოძახებიდან 6 წუთში მივიდა, მათ ჩვილი გარდაცვლილი დახვდათ. თუმცა, არსებული ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, ექიმებმა ის კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.
08:40 საათზე კლინიკაში მეორე ბავშვი შეიყვანეს. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო,” – აღნიშნულია განცხადებაში.
სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლი (სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა) ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.