თურქეთი და საქართველო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის, შენარჩუნებისა და დაცვისათვის ერთობლივად იმუშავებენ. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 23 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის 2017-2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას.
სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის მიხედვით, მხარეები საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას განახორციელებენ, ასევე შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფებს.
სამინისტროს ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
- პირველ ეტაპზე ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შეირჩევა, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი რღვევა ან ჩამოშლა და უზრუნველყოფილი იქნას მათი ყოველმხრივი სტაბილურობა; ამ ძეგლების შეფასება ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს.
- მეორე ეტაპი ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას ითვალისწინებს, რომლებიც საჭიროებენ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას მათი საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. უნდა განისაზღვროს გამოსასწორებელი ღონისძიებები იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით, რომელთა რეაბილიტაციაც განხორციელდა ამ პროგრამის ხელმოწერამდე და მათზე ჩატარებული სამუშაოების მიმართ მხარეებს გააჩნიათ მეთოდური ხასიათის შენიშვნები და რეკომენდაციები;
- მესამე ეტაპის მიხედვით კი, უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია, მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში.
კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, მხარეები დაამტკიცებენ ერთობლივ სამოქმედო გეგმას;
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები ასევე იღებენ ვალდებულებას, თავიანთ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყონ მეორე მხარის წარმომადგენლებს, თავიანთ ეროვნულ და უწყებრივ არქივებში დაცული ინფორმაციისა (ფოტოსურათები, პროექტები, გრავიურები, რუქები და სხვ.) და დოკუმენტების მოძიებასა და ასლების გადაცემაში.
“ფიზიკური რეაბილიტაციის დაწყებამდე მხარეები წინასწარ აუცილებლად განახორციელებენ ძეგლების კომპლექსურ (არქეოლოგიური, გეოლოგიური, სახელოვნებათმცოდნეო და კონსტრუქციული) კვლევებს, ICOMOS-ის მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. ორივე მხარე ვალდებულებას იღებს, აღნიშნული კვლევების პროცესში უზრუნველყონ მეორე მხარის შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობა,” – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.