დღეს. 22 მაისს, ზუგდიდის საკრებულომ მხარი დაუჭირა ქალაქ ზუგდიდისა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების გაერთიანებას, თუმცა ოპოზიცია და არასამთავრობოები აცხადებენ, რომ სხდომა დარღვევებით წარიმართა.
საკრებულოს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 3-მა მისცა ხმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯის” წარმომადგენელი ამბობს, რომ მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საკრებულოს ზოგიერთ წევრს არ მისცეს საშუალება, რომ აზრი გამოეთქვათ ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით.
შამუგიას თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეს თავდაპირველად არ მისცეს საშუალება, ამ საკითხის განუხილველად ეყარა კენჭი და სხდომა გაეგრძელებინა. ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დატოვა, გავიდა ოთახში, სადაც დაცვა დაიყენა კართან. შემდეგ კი მასთან შევიდნენ საკრებულოს სხვა წევრები
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, 15 წუთის შემდეგ სხდომა ისევ განახლდა, შემოვიდნენ წევრები და სხდომის დაწყებიდან პირველივე წამებში კენჭისყრაზე გაიტანეს საკითხი ისე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და მოქალაქეებს აზრი არ გამოუთქვამთ.
ზუგდიდის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე სუს-ისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა “დაამუშავეს”.
“ჯერ ხომ გაიქცა საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს სხდომიდან, შემდეგ ჩაიკეტა ოთახში, შემდეგ მივიდნენ სუს-ის წარმომადგენლები, მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩამოვიდა მთელი გუბერნატორის აპარატი, კარგად დაამუშავეს. შემდეგ შემოვიდა, პირდაპირ იკითხა, ვინ იყო მომხრე, და მართლა მონებმა მხარი დაუჭირეს. მას შემდეგ გავარდა საკრებულოს სხდომიდან და ისევ იმალება,” – ამბობს ანა წითლიძე.
ზუგდიდის საკრებულოს პრესსამსახური კი განმარტავს, რომ მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების გამო საკრებულოს თავმჯდომარე იძულებული გახდა, საკრებულოს სხდომიდან გასულიყო და შესვენება გამოეცხადებინა.
“მოხდა რამდენიმე მოქალაქეს შორის დაპირისპირება, მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. შეიქმნა ხმაური, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეყენებინა კენჭისყრაზე საკითხი, რასაც ხმაური მოჰყვა ისევ. რის შემდეგაც გამოცხადდა შესვენება. რაც დამშვიდდა სიტუაცია, საკრებულოს თავმჯდომარემ კვლავ დააყენა კენჭისყრაზე ეს საკითხი”, – განაცხადეს საკრებულოში.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 7 თვითმმართველი ქალაქი და 7 მუნიციპალიტეტი უნდა გაერთიანდეს. ეს ცვლილებები ეხება გორის, ზუგდიდის, ახალციხის, ამბროლაურის, მცხეთის, თელავისა და ოზურეგითის თვითმართველობებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასქტურქტურის სამინისტროს მოსაზრებით, ქალაქებისა და თემების დაყოფამ გააორმაგა ადმინისტრაციული ხარჯები, თუმცა არ გაუზრდია თვითმმართველობებში ინვესტიციები.
წაიკითხეთ სრულად:
მთავრობამ ეს წინაადდება გაუგზავნა საკრებულოებს განსახილველად. საკრებულების გადაწყვეტილებებს აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო მნიშვნელობა, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.