ახალი ამბები

ფოტოგრაფები “ჯაშუშების საქმის” ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ

18 თებერვალი, 2013 • • 1764
ფოტოგრაფები “ჯაშუშების საქმის” ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ

პრეზიდენტის ყოფილი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, გაზეთ “პრაიმტაიმის” ყოფილი ფოტოგრაფი ნათია გედენიძე, სააგენტო EPA–ს ფოტოგრაფი ზურა ქურციკიძე და “ალიას” ფოტოგრაფი გიორგი გედენიძე მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ წაყენებული ბრალდება იყო ფალსიფიცირებული და აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

 

“განცხადებაში, რომელიც პროკურატურაში შეგვაქვს, ოთხივე ფოტოგრაფი წერს, თუ რა ზეწოლისა და ზემოქმედების შედეგად მისცეს აღიარებითი ჩვენება სამართალდამცავებს და რისი გადატანა მოგვიხდა ციხეში”, – განუცხადა გიორგი აბდალაძემ “ნეტგაზეთს”. 

 

აღნიშნული ოთხი ფოტოგრაფი “ასოშეიტედ პრესის” ფოტორეპორტიორ შაჰ აივაზოვთან ერთად სამართალდამცავებმა 2011 წლის 7 ივლისს, ღამით დააკავეს. აივაზოვი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს ბრალის წაყენების გარეშე, დანარჩენებს კი პროკურატურამ ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენა.

 

ნათია გედენიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. დანარჩენი სამი ფოტოგრაფი კი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 22 ივლისს პირობითი სასჯელით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. წაყენებულ ბრალდებაში ფოტორეპორტიორები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ, თუმცა მოგვიანებით ოთხივემ აღიარა ბრალი. 

 

ჟურნალისტთა ნაწილი აქციებს მართავდა ორი კვირის განმავლობაში და საქმეზე გრიფი საიდუმლოს მოხსნას, ასევე თავდებით მათ გათავისუფლებას მოითხოვდა.

ფოტოგრაფების მხარდამჭერი აქცია თბილისში, 2011/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ფოტოგრაფების მხარდამჭერი აქცია თბილისში, 2011/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი