ახალი ამბები

კოდური სახელი – „კოკო“

17 თებერვალი, 2013 •
კოდური სახელი – „კოკო“

საუბრის დაწყებამდე საქაღალდე გახსნა. თაბახის ფურცლებზე დიალოგები იყო დაბეჭდილი. თითო გვერდზე რამდენჯერმე ეწერა – კოკო. გაოცებულებს გამომძიებელმა აგვიხსნა, რომ ეს ჩვენი გაშიფრული სატელეფონო საუბრები იყო. გვითხრა, რომ საქაღალდესთან ერთად დისკებიც აქვს და აბაშიძის უშიშროების მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, უკანონო მოსმენების გამო, ჩვენების მიცემა გვთხოვა.

როგორც აღმოჩნდა, ბათუმში მუშაობის დროს აბაშიძის უშიშროება გვისმენდა. ალბათ, ჯონის უსმენდა და მეც შევრჩი ხელში. ის მაღალჩინოსანი სხვა საქმეზე უკვე დაკავებული ჰყავდათ. კოკო ისეთი კოდური სიტყვა იყო, რომ ჩანაწერების ნამდვილობაში ეჭვი არ შეგვიტანია. ამ ბინძური გზით მოპოვებული დიალოგები დიდი ინტერესით გადავიკითხე. იმ საქაღალდეში ჩვენი სიყვარულის სატელეფონო ვერსია იყო. საქაღალდე უკმაყოფილო გამომძიებელმა თან წაიღო. ჩვენ გასაჩივრებაზე უარი ვთქვით. 

 

…..


ეს ისტორია რამდენიმე დღის წინ გამახსენდა, როცა აჭარაში ასლან აბაშიძის საქმე განახლდა. მოსამართლემ თქვა, რომ მთელი რიგი ბრალდებების გარდა ის მხილებულია უკანონო მოსმენებში და დაზარალებულებად მე და ჯონი დაგვასახელა.

 

 

ჩემმა მეგობარმა ნათია ზოიძემ ფეისბუქზე ხუმრობით დამიწერა, – მაშინაც დისიდენტები იყავითო.

 

 

დისიდენტები არასოდეს ვყოფილვართ, ჟურნალისტები ვიყავით. მაშინ ჯონი „ალიასთვის“ წერდა, მე კი აჭარის ტელევიზიის უშტატო კორესპონდენტი ვიყავი.

 

…..


ჩემს შრომის წიგნაკს ჰქვია „რა არ გადამხდენია და რა არ მინახავს~ – აჭარის ტელევიზიაც კი.  ალბათ ის იყო ყველაზე ნაყოფიერი ერთი წელი ჩემს ცხოვრებაში. ისე კარგად დავინახე ზღვარი ჟურნალისტიკასა (ან ჩემს წარმოდგენაში – ჟურნალისტიკაზე) და იმაზე, რაც იქ ვნახე, რომ მას შემდეგ ზუსტად ვიცი – ეს მხოლოდ თავისუფალი ადამიანების პროფესიაა.

 

სულ ვამბობ, რომ ასლან აბაშიძე მყავს ნანახი და ამიტომ ადვილად მივხვდი როდის გაასლანდა მიშა.

 

აჭარაში მაშინ მთავარი შენობა უზენაესი საბჭო იყო. იქ მეთაური იჯდა. ჟურნალისტებისთვის იმ შენობაში მოხვედრა ჯილდო იყო.

 

უზენაეს საბჭოში ერთხელ მეც მოვხვდი გადაღებაზე. როცა ოთახში აბაშიძე შემოვიდა, მივესალმე და საკუთარ წიგნაკში რაღაცის ჩანიშვნა გავაგრძელე. მეორე დღეს ჩემი საკითხი ტელევიზიის დიდ თათბირზე გაარჩიეს. უზენაესიდან დარეკეს – აქ ისეთი ჟურნალისტი მოვიდა, რომელიც მეთაურის დანახვაზე ფეხზე არ ადგა და  მის მითითებას არ დაელოდაო.

 

შემდეგ ასანიძის სასამართლო პროცესებს ვაშუქებდი. მაშინ პირველი არხისთვის ვმუშაობდი და აჭარიდან მასალებს ვაგზავნიდი. „მოამბის“ ეთერში ასანიძის ინტერვიუ გავიდა, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. ჩემმა მეგობარმა, რომელიც აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციაში მუშაობდა, გამაფრთხილა – უშიშროების თანამშრომელმა  შენი საბუთები მოითხოვაო.

 

 

მახსოვს რამდენიმე რეპორტაჟის მომზადებაზე უარი ვთქვი. ასეთი რამ მგონი იქ  არასოდეს მომხდარა.

 

მალე რეპორტაჟების გახმოვანება ამიკრძალეს – მითხრეს, რომ უზენაესში გადაღებაზე ვერ მოვხვდებოდი. მერე გავთხოვდი, შვილი გაგვიჩნდა და აჭარის ტელევიზიაც დასრულდა. არ დასრულებულა აჭარის ტელევიზიის ესთეტიკა, ის სულ ახლოს იყო, ერთი თვალის გაწვდენაზე და (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ყველა  ტელევიზიის ეკრანზე. 

 

….


არჩევნების შემდეგ აჭარის ტელევიზიის კორესპონდენტმა აჭარის ტელევიზიის მომავალზე ინტერვიუ მთხოვა. მიმაჩნია, რომ ამ ტელევიზიამ გამოცდა საკუთარი მაყურებლის წინაშე ცუდად ჩააბარა, მაგრამ გამიჭირდა იმის თქმა, რომ მას არსებობის უფლება არ აქვს.

 

ბოლო დღეებში რამდენიმე ინფორმაცია წავიკითხე, რომ აჭარის ტელევიზიის რეორგანიზაცია იწყება, რომ კონკურსები ცხადდება, რომ რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლად უნდა გადაკეთდეს. კარგი იქნება ეს ისეთი ტელევიზია იყოს, სადაც აჭარაში ყველაზე მთავარი შენობა უზენაესი საბჭო არ ეგონებათ, იმის მიუხედავად, თუ რა ჰქვია იმ  შენობას ან აჭარის პირველ პირს  – ასლანი, ლევანი თუ არჩილი.

 

….

აჭარის სასამართლოდან უწყება ჯერ არ მოგვსვლია. ასლან აბაშიძის საქმეზე მე და ჯონი მოწმეები უნდა ვიყოთ, მაგრამ მე არ ვაპირებ პროცესში მონაწილეობას. ისევე უარს   ვიტყვი, როგორც ხუთი წლის წინ. მეეჭვება მისი ყველაზე მძიმე დანაშაული ჩვენი უკანონო მოსმენა იყოს…

 

 

ისე, საქაღალდეს სახელად „კოკო“, კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გადავიკითხავდი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი