ახალი ამბებისაზოგადოება

გენდერული თანასწორობისა და სხვა უფლებრივი საკითხების სკოლაში სიღრმისეულად სწავლა იგეგმება

19 მაისი, 2017 •
გენდერული თანასწორობისა და სხვა უფლებრივი საკითხების სკოლაში სიღრმისეულად სწავლა იგეგმება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე სკოლის მოსწავლეები გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხებს სიღრმისეულად შეისწავლიან. შესაბამისად, ამ კუთხით ეროვნული სასწავლო გეგმის გადახედვა იგეგმება, რომელშიც გაეროს სხვადასხვა ფონდი იქნება ჩართული.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლის, ერიკა კვაპილოვას განცხადებით, UNDP, UN Women და UNFPA-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტარტამენტში არსებულ სამუშაო ჯგუფს ექსპერტულ დახმარებას გაუწევენ, რათა ადამიანის უფლებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ოჯახში ძალადობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაცია მოხდეს.

როგორც ერიკა კვაპილოვა ამბობს, ეს საკითხები არა ცალკე საგნად, არამედ სხვადასხვა ძირითად საგნებში აისახება უფრო სიღრმისეულად. მაგალითად, იმავე გენდერული თანასწორობის საკითხები VII-XII კლასებში აისახება ისეთ საგნებში, როგორებიცაა ისტორია და ლიტერატურა. როგორც კვაპილოვა ამბობს, გენდერული თანასწორობის საკითხები გარკვეულწილად ასახულია  მე-3-4 კლასის საგანში “მე და საზოგადოება”, ასევე, მე-5-6 კლასის საგნებში “ჩემი საქართველო”, მაგრამ მემორანდუმის ფარგლებში სასწავლო გეგმის გადახედვის შემდეგ ეს საკითხები უფრო სიღრმისეულად იქნება ასახული.

“სასკოლო განათლების სხვადასხვა დონეზე ტექნიკური ექსპერტიზა მოხდება სტანდარტების განხილვისა და გაძლიერების მიზნით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის. რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახში ძალადობის საკითხების ინტეგრაცია მოხდება ფორმალური განათლების სისტემაში. ჩვენ ვკონცენტრირდებით კონკრეტულ საგნებზე, როგორიცაა ბიოლოგია და სამოქალაქო განათლება. ასევე, სამინისტროს დავეხმარებით, რომ სპეციალური, იმ სასწავლო მოდულების შეტანა მოხდეს მასწავლებლების პროფესიულ სასწავლო სისტემაში, რომლებიც გენდერულ თანასწორობას, ოჯახში ძალადობას, რეპროდუციულ ჯანმრთელობას და უფლებებს შეხეება”,- ამბობს ერიკა კვაპილოვა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, სტამბოლის კონვენცია, რომელიც საქართველოს რატიფიცირებული აქვს, ქვეყნებს ავალდებულებს, ძალადობის პრევენცია მანამდე შეძლონ, სანამ ძალადობის მომენტი დადგება. იგი ამბობს, რომ ძალადობის პრევენცია მოითხოვს დამოკიდებულების, სტერეოტიპების ცვლილებას და ქალთა მიმართ ძალადობის მიმღებლობის დასრულებას.

“დამოკიდებულებები, რწმენები და ქცევა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ყალიბდება. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ორმხრივი პატივისცემა პირად ურთიერთობებში და არაძალადობრივი დამოკიდებულებები ადამიანის ცხოვრებაში რაც შეიძლება ადრე უნდა გაჩნდეს და, პირველ რიგში, ეს მშობლების პასუხისმგებლობაა. თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებებს ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ ღირებულებების ხელშეწყობის ზრდის საქმეში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ  ღირებულებების ხელშეწყობა არაფორმალური განათლების დონეზე,  მაგალითად, სპორტის, კულტურული და სხვა საშუალებებით”, – ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი.

სტამბოლის კონვენციის თანახმად, მხარეებს ვალდებულება აქვთ, ქალისა და კაცის თანასწორობის, არასტერეოტიპული დამოკიდებულების და ქალთა მიმართ გენდერულად განპირობებული ძალადობის შესახებ სასწავლო მასალები სასწავლო გეგმაში ჩართონ ფორმალური ზოგადი განათლების ყველა დონეზე.

ურთიერთგაგების მემორანდუმს გაეროსა და განათლების სამინისტროს შორის ხელი უკვე მოეწერა. მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების ამოქმედება 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი