საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აჭარაში არსებულ ვალუტის გადამცვლელ 34 პუნქტს დარღვევების გამო რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 13 პუნქტი დააჯარიმა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ამ პუნქტების საქმიანობა “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის” მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ვალუტის გადამცვლელ 13 პუნქტს საჯარიმო სანქცია 280 400 ლარის ოდენობით დაეკისრა.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მუდმივად ახორციელებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მონიტორინგს და ახდენს რეაგირებას ნებისმიერ გამოვლენილ დარღვევაზე.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მომხმარებელს, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია როგორც გაცვლითი კურსის, ისე მომსახურების საკომისიოს შესახებ.