დღეს ეროვნულ გალერეაში ქართული კოსტუმებისა და იარაღის შესახებ ექსპოზიცია გაიხსნა. ექსპოზიციაზე გამოტანილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კოლექციებში დაცული XVIII-XX საუკუნეების სამოსი სხვადასხვა რეგიონიდან და ქართული იარაღ-საჭურველის კოლექცია.
დამთავლიერებელს შეუძლია ნახოს ქალაქური – თბილისური, აღმოსავლეთ, სამხრეთ-დასავლეთ, დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის მამაკაცისა და ქალის ჩაცმულობის ნიმუშები. სამოსთან ერთად, გამოიფინება სამკაულები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები – ავეჯი, მუსიკალური საკრავები, საოჯახო ჭურჭელი, ცხენის აღკაზმულობა და სხვა.

ევროპული კოსტიუმებით ეროვნული სამოსის ჩანაცვლების პროცესი საქართველოში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო. ტფილისის ე.წ. ევროპულ ნაწილში გაჩნდა ახალი ტანსაცმლის მაღაზიები. დროებით მოწყობილ ბაზრობებზე ასევე იყიდებოდა ძვირადღირეული ევროპული სამოსი, რომლებიც ძირითადად მოწვეული და ადგილობრივი ოსტატების მიერ იყო შექმნილი. თავდაპირველად ევროპულად შემოსვა ქალებმა დაიწყეს.

მე-19 საუკუნის პირველ ნაწილში ქალებმა ქართული კაბა ფრანგული ტურნიურინიანი-შლეიფიანი კაბით ჩაანაცვლეს. თავზე ბაფთებით გაფორმებული შლიაპა დაიხურეს. აუცილებელი იყო ხელთათმანი, ქოლგა და მარაო. კაცებს ეცვათ ფრაკი, სერთუკი, ფრაკი, სმოკინგი, თეთრი პერანგი და წელში გამოყვანილი შარვალი. თავზე ეხურათ ცილინდრი. აუცილებელი იყო ხელთათმანი, ხელჯოხი, ტყავის ან ლაკის ფეხსაცმელი.

ფოტოზე მარცხნივ წარმოდგენილია მეგრელი ქალის აბრეშუმის კოსტიუმი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. მარჯვნივ აფზახი ქალის კაბა მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში.

გურული კაცის ჩოხა-ჩაქურა და გურული ქალის კაბა-კოსტიუმი. ამდაგვარად გურიაში დაახლოებით მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში იმოსებოდნენ.

აჭარელი და ლაზი ქალები საქართველოს სხვა კუთხის მცხოვრები ქალებისაგან შედარებით განსხვავებულად იცვამდნენ XIX-XX საუკუნეებში. აჭარაში ჩაცმულობის ძველი კომპლექტი ე.წ. ფორკა-კაბამ შეცვალა. ჩაცმულობის განუყოფელი ელემენტი იყო წინსაფარი, რომელიც კაბის დიდ წილს ფარავდა. დასავლეთ საქართველოში ქალები თავსაბურავს – ლეჩაქს ატარებდნენ. აჭარასა და ლაზეთში ლეჩაქს მონეტებით აფორმებდნენ.

ფოტოზე წარმოდგენილია სვანი კაცისა და ქალის ტანსაცმელი მე-18 საუკუნის შუა პერიოდიდან მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე. ქალის ბამბის სამოსი გამოფრმებულია ვერცხლის სამკაულებითა და ქამრით. ასევე აბრეშუმის თავსაფრით.