კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის პლატფორმის წევრმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ვენეციის კომისიას საქართველოს კონსტიტუციის პროექტში კულტურის საკითხებზე შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართა.
პლატფორმა წერილში აცხადებს, რომ კონსტიტუციის პროექტი არსებითად აუარესებს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში კულტურის დარგის დაცვის მექანიზმებს:
“შემოთავაზებული პროექტით, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, იზრუნოს კულტურის განვითარებაზე, ეცლება ნორმატიული შინაარსი, ჩაუნაცვლებლად უქმდება მოქმედი რედაქციით დაცული უფლება კულტურული გარემოთი სარგებლობაზე, ვიწროვდება კულტურის ცნება და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მთლიანად უქმდება საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალდებულება, ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე. შემოთავაზებული რედაქციით ასევე უქმდება მოქალაქეთა ვალდებულება, გაუფრთხილდნენ კულტურულ გარემოს.
შემოთავაზებული პროექტი აღარ ფარავს დღეს მოქმედი რედაქციით აღიარებულ სახელმწიფოს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს კულტურული თვითმყოფადობის გამოვლინებასა და გამდიდრებას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარებას და საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებას, რითაც ზღუდავს აღნიშნულ სფეროებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში დავის შესაძლებლობას,”- აცხადებენ ორგანიზაციები.
მათივე ცნობით, ეს შენიშვნები ასევე მიაწოდეს კულტურის სამინსტროს, რომელმაც ისინი სრულად გაიზიარა და წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტს.
ორგანიზაციები ასევე გეგმავენ, მიმართვა გაუგზავნონ პარლამენტის თავმჯდომარესა და კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს.
მიმართვას უერთდებიან ორგანიზაციები:
ინიციატივა საჯარო სივრცისთვის,
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი,
მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი – ICOM საქართველო,
ტფილისის ჰამქარი
საზოგადოება „ბათომი”
აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
ICOMOS – საქართველოს ისტორიული ქალაქების სექცია