სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა დღეს, 18 მაისს, ახალი პარლამენტის შეკრების პირველ დღეს, მთავრობის გადადგომის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
ძველი მთავრობის წევრები მანამდე შეასრულებენ მოვალეობას, სანამ ახალი მთავრობის ფორმირება არ მოხდება.
სომხეთის მეექვსე მოწვევის პარლამენტი დღეს, 2017 წლის 18 მაისს შეიკრიბა. პარლამენტის პირველივე სხდომას უკვე გამოუცხადა ბოიკოტი ოპოზიციურმა ბლოკმა “ელკი”, რომლის წევრებიც მხოლოდ მას შემდეგ შევიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როდესაც ის პრეზიდენტმა სარგსიანმა დატოვა.
თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთში 2017 წლის 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. 2015 წლის საკონსტიტიციო რეფორმის მიღების შემდეგ ეს პირველი საპარლამენტო არჩევნები იყო, რომლის მიხედვით, ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა.
2017 წლის 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სომხეთში ახალი ეროვნული კრება [პარლამენტი] ხუთი პოლიტიკური ძალით დაკომპლექტდება: სომხეთის რესპუბლიკური პარტია, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია [დაშნაკციუტუნი], პარტია “აღორძინებული სომხეთი” და ბლოკი “ელკი”, თუმცა ახალ ეროვნულ კრებას ორი ძირითადი ოპოზიციური ძალა ჰყავს – “აღორძინებული სომხეთი” და ბლოკი “ელკი”.