სამხრეთ კავკასიის ამბები

დარჩება თუ არა სომხეთის პარლამენტი რეალური ოპოზიციის გარეშე

16 მაისი, 2017 • 1920
დარჩება თუ არა სომხეთის პარლამენტი რეალური ოპოზიციის გარეშე

თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთში 2017 წლის 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. თუმცა ახალი ეროვნული კრება მხოლოდ 18 მაისს შეიკრიბება.

2015 წლის საკონსტიტიციო რეფორმის მიღების შემდეგ ეს პირველი საპარლამენტო არჩევნები იყო, რომლის მიხედვით, ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა.

ახალი პარლამენტის ოპოზიციური პარტიების დეპუტატები აცხადებენ, რომ სტრატეგიულ საკითხებში იქნებიან ხელისუფლების შემაკავებელი და წინააღმდეგობის გამწევი ძალა, რომელიც ” ხელისუფლებას საშუალებას არ მისცემს, ურჩი და ერთპოლარული მმართველობა დააკანონოს”. გარდა ამისა, ირწმუნებიან, რომ იქნებიან “ძალა, რომელიც გააკონტროლებს ხელისუფლებას, დააყენებს მწვავე საკითხებს და შესთავაზებს მათ პრობლემების ინოვაციური გზებით გადაჭრას. ვიქნებით თანმიმდევრული და პრინციპული. ვიქნებით ინიციატორები და არა მოპასუხეები, ანდა რეაქტიული ძალა. ჩვენი მოქმედების სტილი განსხვავებული იქნება თავისი პრინციპულობით და შრომისმოყვარეობით”.

2017 წლის 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სომხეთში ახალი ეროვნული კრება [პარლამენტი] ხუთი პოლიტიკური ძალით დაკომპლექტდება: სომხეთის რესპუბლიკური პარტია, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია [დაშნაკციუტუნი], პარტია “აღორძინებული სომხეთი” და ბლოკი “ელკი”, თუმცა ახალ ეროვნულ კრებას ორი ძირითადი ოპოზიციური ძალა ჰყავს – “აღორძინებული სომხეთი” და ბლოკი “ელკი”.

“პრობლემა ის არის, რომ დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ჩვენ ბევრი პოლიტიკური “ოპოზიციის” მომსწრე ვართ, რომელიც ულმობლად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში ღიად თუ ფარულად ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებდა. ამგვარად,  როგორი იქნება ახალი პოლიტიკური ოპოზიცია, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. თუმცა, თუკი ამ დეპუტატთა სიას შევხედავთ, უამრავი კითხვა გვიჩნდება”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ოვსეპ ხურშუდიანი, სამოქალაქო ინიციატივების მხარდამჭერი ცენტრის “თავისუფალი მოქალაქე” დირექტორი. ოვსეპ ხურშუდიანი განმარტავს, თუ რა გზა გაიარა ძალამ, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს.

ხურშუდიანის თქმით, სერჟ სარგსიანის ხელისუფლებისთვის გადამწყვეტ მომენტებში [2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, 2015 წლის საკონსტიტუციო რეფორმები და 2017 წლის საპარლამენტო არჩევნები] “აღორძინებული სომხეთისა” და ბლოკი “ელკის” წევრებმა 2013 საპრეზიდენტო არჩევნების დროს მხარი არ დაუჭირეს არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს და არც საკუთარი კანდიდატურა დაუსახელებიათ სერჟ სარგსიანის საპირწონედ. გარდა ამისა, ნიკოლ ფაშინიანმა [“ელკი”] ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოპოზიციის მხარდამჭერთა იმედები ბოლომდე გაეცრუებინა და დაერწმუნებინა ისინი, რომ 2013 წლის არჩევნები მაინც არაფერს შეცვლიდა.

2014 წლის შემოდგომიდან სერჟ სარგსიანის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო რეფორმების წინააღმდეგ “აღორძინებული სომხეთი” ორ ოპოზიციურ პარტიას, “მემკვიდრეობასა” და “სომხეთის ეროვნული კონგრესს” შეუერთდა. თუმცა 2015 წლის თებერვალში, პოლიტიკური დევნის, მმართველი პარტიისა და თავად პრეზიდენტ სარგსიანის ზეწოლის გამო, “აღორძინებული სომხეთის” ლიდერი გაგიკ წარუკიანი- რომელზეც  დიდ იმედებს ამყარებდნენ, რომ ის შეძლებისდაგვარად გახდებოდა სომეხი ივანიშვილი – პოლიტიკურ ბრძოლას სრულად გამოეთიშა. შედეგად, ლიდერის გარეშე დარჩენილმა “აღორძინებულმა სომხეთმა” საბოლოოდ მაინც საკონსტიტუციო რეფორმას დაუჭირა მხარი. იგივე მხარდაჭერა გამოუცხადა საკონსტიტუციო რეფორმას ბლოკმა “ელკი”.

ხურშუდიანის შეფასებით, “ელკი” ცრუ ოპოზიციაა, რადგანაც არჩევნების შემდეგ პარტია “ელკმა”, რომელმაც არჩევნების მასობრივ ფალსიფიკაციაზე, ქრთამის მიცემასა და ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვაზე ისაუბრა, მოგვიანებით განაცხადა, რომ “არჩევნებიც და არჩეული ხელისუფლებაც ლეგიტიმურია”.

ოვსეპ ხურშუდიანის აზრს იზიარებენ სხვა პოლიტიკური ექსპერტებიც. უკვე კეთდება სხვადასხვა შეფასება, რომ პრეზიდენტმა სარგსიანმა ოცნება აისრულა – პარლამენტში ცრუ ოპოზიცია შექმნა.

“ახალ პარლამენტში ხელისუფლება ოპოზიციას გააკონტროლებს. “ელკი” ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა” – ამბობს ლევონ ზურაბიანი, ფრაქცია “სომხეთის ეროვნული კონგრესის” ხელმძღვანელი.

“ადამიანები და პოლიტიკური ძალები შედეგს აღწევენ პრინციპული და სამართლიანი ბრძოლითა და გადაწყვეტილებებით. საკუთარ თავზე ვიღებ ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩემ წინაშეა. მე მივაღწიე წარმატებას და “ელკმაც” პარლამენტში მუშაობის შესაძლებლობა მიიღო”, – აცხადებს “ელკის” წევრი, მანე ტანდილიანი.

დეპუტატი ამბობს, რომ ხშირად ესმის მსგავსი დისკრედიტაციული განცხადებები და “სერიოზულად არ იღებს ორღობის ჭორებს, რომელსაც საფუძველი არ აქვს”.

“ჩვენ მიზნად დავისახეთ ღიაობა და ხელმისაწვდომობა, ხალხთან ახლოს ყოფნა და მათთან ერთად სიარული. ხალხმა კარგად იცის, რომ უნდა სჯეროდეთ ჩვენი. იმთავითვე ბევრი არ გვიჭერდა  მხარს, რადგანაც ქრთამს, ფულს არ ვაძლევდით. ყველამ კარგად იცის, ვინ მუშაობს მსგავსი მეთოდებით. საპარლამენტო არჩევნების დღეს დამკვირვებლები და ჟურნალისტები კარგად ხედავდნენ, თუ როგორ არიგებდნენ ქუჩაში ქრთამს. ძირთადად მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა არც ერთი ფაქტით არ დაინტერესებულა პოლიცია, ერთი ხმაურიანი შემთხვევის გარდა, რომელიც “რესპუბლიკელ” [მმართველი პარტია] არტაკ სარგსიანთან არის დაკავშირებული.

2017 წლის 13 აპრილს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ჩანაწერი, რომელიც დეპუტატ არტაკ სარგსიანის კუთვნილი SAS -ის ჯგუფის სხდომის დროს გაკეთდა.

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ კომპანიის თანამშრომლებს წინასაარჩევნო პერიოდში აიძულებდნენ, ხმები არტაკ სარკსიანის სასარგებლოდ შეეგროვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვდნენ. ჩანაწერში კომპანიის თანამშრომელი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არტაკ სარკსიანის მარჯვენა ხელი და მისი ძმაა, სიაში თანამშრომლების სახელებსა და მათ ხმებს ამოწმებს.  ჩანაწერიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ პირველი სამი თანამშრომელი, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა “მოიტანა”, არტაკ სარკსიანმა პარიზის საგზურით დააჯილდოვა. იმ თანამშრომლებმა კი, ვინც ვერ შეძლო დავალების შესრულება, საყვედური და დათხოვნის მუქარა დაიმსახურეს. ჩანაწერი, რომელმაც სომხეთში დიდი ხმაური გამოიწვია, პოლიცის ყურადღების ცენტრში მოექცა და უკვე 19 აპრილს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. თავად დეპუტატი ამ დრომდე დუმს.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი