17 მაისს, დილიდან, სამების საკათედრო ტაძარში იკრიბებოდნენ სასულიერო პირები და მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორეს კურთხევით, “თავდადებული მშობლის” სიგელები და ჟურნალი “ბედნიერი ოჯახი” გადაეცათ.
სასულიერო პირებმა პირველი რელიგიური რიტუალი 13:00 საათზე ჩაატარეს, როდესაც სამებაში პატრიარქის ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მოვიდა. მან ჯერ მედიას განუმარტა, თუ რატომ აღნიშნავს ეკლესია განსაკუთრებულად 17 მაისს, ხოლო შემდეგ ამავე საკითხზე იქადაგა. ამის შემდეგ მრავალშვილიან 100 ოჯახს პატრიარქის საჩუქრები გადაეცა.
ილია მეორე სამებაში დაცვის თანხლებით დაახლოებით 15:00 საათზე მოვიდა, მრევლი დალოცა და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. მღვდლები მშობლებს მოუწოდებდნენ, რომ მხოლოდ ბავშვები მიეყვანათ ამბიონთან, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა მაინც მოახერხა მედიის სექტორში შეღწევა და ფოტოების თვითონ გადაღება.
სამახსოვრო ფოტოს გადაღების შემდეგ ამბიონიდან ილია მეორეს მიერ ჟურნალ “ბედნიერ ოჯახში” გამოქვეყნებული წერილი წაიკითხეს, სადაც ილია მეორე მეუღლეებს მიმართავს და ამბობს, რომ “მიუხედავად დიდი სიყვარულისა”, ისინი ბოლომდე არ უნდა “გაუშინაურდნენ” ერთმანეთს.
“იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას. თქვენში მუდამ უნდა იყოს რაღაც მიუწვდომელი. ამასთან, მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს. ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ (ძველ დროს, საერთოდაც, ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი შეხვედრა იყო დიდი სიხარული), თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ,” – ამბობს ილია მეორე.
ილია მეორეს “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები მოყვნენ, თუმცა ყველა მათგანმა სამებაში შემოღწევა ვერ მოახერხა. მათ ტაძარში ხატები მოიტანეს, რომლის ამბიონთან განთავსება სიმჭიდროვის გამო ცოტა გაჭირდა. ქადაგების შემდეგ პატრიარქმა მრევლი კიდევ ერთხელ დალოცა, ნაკურთხი წყალი აპკურა და დაახლოებით 16:00 საათზე ტაძარი დატოვა. მიუხედავად ამისა, მრევლის ნაწილი მაინც დარჩა სამებაში, რადგან მათ ხატებთან მიახლოება და ამბორი სურდათ.
17 მაისი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის სერთაშორისო დღეა, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ლგბტქი ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ და მათი უფლებების დაცვისთვის კამპანიის წარმოება. 17 მაისი სიმბოლურად დაემთხვა დღეს, როდესაც გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა 1990 წელს დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო. 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტქი აქტივისტებს მართლმადიდებელმა მღვდლებმა არ მისცეს ამ დღის აღნიშვნის საშუალება. სასულიერო პირთა უდიდესი ნაწილი 17 მაისის აღნიშვნას ეწინააღდმეგება და ამის საპირისპიროდ ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.