ახალი ამბები

წულუკიანი: დეპუტატების უარი დაკითხვაზე გვაიძულებს თავად მივიდეთ პარლამენტში

13 თებერვალი, 2013 • 961
წულუკიანი: დეპუტატების უარი დაკითხვაზე გვაიძულებს თავად მივიდეთ პარლამენტში

ასე გამოეხმაურა მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის გუშინდელ განცხადებას, როდესაც ის დაინტერესდა, თუ რატომ არ ჰყავს აქამდე პროკურატურას რობაქიძის საქმეზე დაკითხული ღვინიაშვილი. ხიდაშელმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის პარლამენტში დაიბარებს იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს.

 

“დეპუტატების უარი დაკითხვაზე გვაიძულებს თავად მივიდეთ პარლამენტში და იქ დავკითხოთ. თუ დეპუტატები თავს არიდებენ პროკურატურაში მოსვლას, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ სტატუსს და პარლამენტში მივიდეთ დასაკითხად, პროცედურების შესაბამისად,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე წევრი მთავარმა პროკურატურამ სხვადასხვა საქმეზე დაიბარა დასაკითხად, რაზეც დეპუტატებმა განაცხადეს, რომ არ მივლენ პროკურატურაში და ჩვენებებს მისცემენ პარლამენტში. პროკურატურას ამ დრომდე არც ერთი დეპუტატი არ დაუკითხავს პარლამენტში.

 

“სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ იქ ვეახლოთ”, – განაცხადა დღეს, 13 თებერვალს იუსტიციის მინისტრმა, რომელმაც  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს სამთვიანი მუშაობის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.

 

მინისტრის თქმით, კონკრეტული თარიღი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ როდის დაიკითხებიან დეპუტატები:

 

“მაგრამ ეს არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც პროკურატურა აპირებს მოქმედებას.”

 

წულუკიანის თქმით, არც ერთი კანონი არ აძლევს საშუალებას დეპუტატს და რომელიმე თანამდებობის პირს უარი განაცხადოს  დაკითხვაზე. ის ასევე გამოეხმაურა თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებას, რომ ისიც მერიაში და არა საგამოძიებო უწყებაში აპირებს ჩვენების მიცემას. იუსტიციის მინისტრმა ელჩებთან 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირებაზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, გიგი უგულავა ამ ფაქტის შესახებ თავს არიდებს მისცეს ჩვენება:

 

“უგულავა აცხადებს, რომ ის არის მსხვერპლი, თუმცა არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გამოძიებას მოუყვეს, თუ რატომ იყო მსხვერპლი,” – განაცხადა წულუკიანმა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ზომებს მიმართავს გამოძიება უგულავას დასაკითხად 8 თებერვლის საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი