ახალი ამბები

იცვლება თუ არა კანონი ოკუპაციის თემის შესარბილებლად?

11 თებერვალი, 2013 • 2787
იცვლება თუ არა კანონი ოკუპაციის თემის შესარბილებლად?

“ჩვენი ხელები ისედაც ძალიან მოკლეა, რომ უფრო მეტად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, შესაბამისად, ეს ლიმიტირებული შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. უსუსურია არგუმენტი, რომ კანონში ცვლილება ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება, მაშინ როდესაც 500 ათასი ადამიანი ეთნიკური წმენდის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოაძევეს. კანონში ცვლილების მოტივად როცა ვიღაცის უფლებების შელახვაზე აპელირებ, ეს უბრალო კაპიტულაციაა,”- ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური.

წიკლაურის თქმით, საპარლამენტო უმცირესობაში ამ საკითხზე კონსულტაცია უკვე ჰქონდათ და როგორც მისთვის ცნობილია, უმცირესობის არც ერთი წევრი ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.

პაატა ზაქარეიშვილის უწყების ინიციატივით, კანონში “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” შევა ცვლილება, რომლის შესაბამისად, პირი, რომელიც ერთჯერადად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრის ავლით, ანუ უკანონოდ შეაღწევს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით დაისჯება. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის განმეორების შემთხვევაში კი, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოუწევს. შესაბამისად, სასჯელი მაინც დარჩება, თუმცა, მისი ფორმები შეიცვლება.

 

კანონის დღევანდელი ნორმით, ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო გადაკვეთა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება.

 

ცვლილების ინიციატორი უწყების, რეინტეგრაციის სამინისტროს განმარტებით, ამ ადამიანების მიმართ აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა,  2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არაადეკვატურად დიდია.  

“ნებისმიერი კანონი და განსაკუთრებით კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უნდა იცავდეს, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებს, მაგრამ ამავდროულად არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის უფლებებს. პრაქტიკაში ბევრჯერ იყო ისეთი შემთხვევა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, მაგალითად, მეზღვაურებზე, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ ამ კანონის დებულებების შესახებ, ხდებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა და მძიმე დანაშაულის შეფარდება,”- ამბობს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი.

ინიციატორი უწყების განმარტებით, ცვლილების შემდეგ, კანონი ლიბერალიზებული და სამართლებრივად გამართული იქნება.

იმის შესახებ, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ამ მხრივ მკაცრ სანქციას მოიცავდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც საუბრობენ. საიას იურისტის, ნათია კაციტაძის თქმით, საზღვრის უკანონო დარღვევისთვის პირველადი სასჯელი მკაცრია.

“აღნიშნული ცვლილება, ჩვენი აზრით, სწორი მიდგომაა. იმის მიუხედავად, რომ საიას წარმოებაში ასეთი საქმეები არ ჰქონია, კონსულტაციების დონეზე ვიცნობდით რამდენიმე შემთხვევას. მაგალითად, ჩრდილოეთ ოსეთიდან რუსეთის მოქალაქემ საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. შემდეგ საკუთარი მანქანით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ის ადამიანიც ამბობდა, რომ კანონის ამ ნორმის შესახებ არაფერი იცოდა. საბოლოოდ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და გაათავისუფლეს,”- ამბობს საიას იურისტი.

სტატისტიკაზე საუბრის დროს, რეინტეგრაციის სამინისტროში ამბობენ, რომ კანონის ძალაში შესვლიდან (2008 წლიდან), შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, იმ პირთა რაოდენობა, ვინც საქართველოს ტერიტორია უკანონოდ გადაკვეთა, 200-მდეა.

“ყველას ვერ დაიჭერ და ვერ ჩასვამ. მაგალითად, რამდენიმე ექპერტი ჩამოვიდა რუსეთიდან, ვისაც საქართველოს ტერიტორია უკანონოდ ჰქონდა გადაკვეთილი. საქართველოში ჩამოსვლის დროს, ისინი არ დაუკავებიათ. შესაბამისად, არსებული კანონის ნელ-ნელა ეროზიას, თუ ის გარკვეულ შემთხვევებში მაინც არ აღსრულდება, ჯობია შერბილდეს,”- ამბობს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი.

ეჭვი, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შერბილება საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნის, საპარლამენტო უმცირესობის გარდა, საზოგადოების სხვა ნაწილსაც აქვს:

აქცია ტრანსპარანტებით – “მტერი 40 კილომეტრშია, თუ კანცელარიაში?!” “არა ოკუპაციის კანონში ცვლილებას” და “ Россия, Вон!” დღეს, 11 თებერვალს, სახელმწიფო კანცელარიასთან მოეწყო. 21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და რიგითმა მოქალაქეებმა კანონში შესატანი ცვლილება დაგმეს.

 

ლაშა ფარულავა ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის  წევრია. დღევანდელ აქციას ისიც შეურთდა. ამბობს, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, საქართველოს ერთადერთი მონაპოვარია, რომელიც დეოკუპაციის იმედს ტოვებს.

“ამ კანონის შერბილებით ხელისუფლება ცდილობს ოკუპანტს, რუსეთს დაუკანონოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონი. თუ ვინემს სურს ამ ტერიტორიებზე შესვლა, როგორც ტურისტს, მაშინ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართოს,”- ამბობს ლაშა ფარულავა.

“კანონში შესატან ცვლილებას, რუსეთის მიერ დაკვეთილი გეგმის ნაწილს უწოდებს თეა თუთბერიძე, თავისუფლების ინსტიტუტის წევრი.

“მტერი უკვე რამდენიმე მეტრშია – სახელმწიფო კანცელარიაში,”- ამბობს აქციაზე მისული თეა თუთბერიძე.

უსუსურად ეჩვენება ახალი ხელისუფლების არგუმენტები ნუგზარ წიკლაურს, საპარლამენტო უმცირესობის წევრსაც.

“მე ვერ მოვისმინე არგუმენტირებული მიზეზი, თუ რატომ ვიღებთ ამ ცვლილებას. თუ საქართველო თავად იტყვის, რომ შერბილებული პოზიცია უნდა ჰქონდეს, როგორ უნდა მოვთხოვოთ დასავლეთს ლობირება მათი არაღიარების პოლიტიკაში?!”- ამბობს წიკლაური.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ახალი მთავრობა მაინც დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ცვლილება კანონში, დეოკუპაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

“ჩვენი ეს ნაბიჯი, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეა და სრულიად აბსურდულია აპელირება იმაზე, რომ ეს რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესებში შედის, მითუმეტეს, რუსეთის ინტერესებში. ეს არის რეალური ნაბიჯი დეოკუპაციისკენ და მიმოსვლის გაადვილებისთვის. ვერ ვხვდები მოწინააღმდეგეთა ინტერესს, რატომ არ უნდათ, რომ საკითხები მკვდარი წერტილებიდან დაიძრას?! ეს არის პატარა ნაბიჯების პოლიტიკით გარკვეული გარღვევების მიღწევა,”- ამბობს რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენელი, ქეთევან ციხელაშვილი.

 

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 2 თვეში მიიღო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი