ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ხელშეუხებელთა კასტა საქართველოში ვერ იარსებებს

11 თებერვალი, 2013 • • 1162
ღარიბაშვილი: ხელშეუხებელთა კასტა საქართველოში ვერ იარსებებს

ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე საკმარისი დაცვითი ღონისძიებები არ გაატარა პრეზიდენტს დაქვემდებარებულმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, ხოლო, შსს–მ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, თბილისის მერსა და პრეზიდენტს შესთავაზა ალტერნატიული შესასვლელები, თუმცა, აღნიშნულ შეთავაზებაზე მათ უარი განაცხადეს. შს მინსიტრის მოსაზრებით, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ თბილისის მერისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ ხდებოდა სიტუაციის ხელოვნურად გამწვავება.

 

“ქალაქის მერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და მათმა თანმხლებმა პირებმა დერეფნის გამოყენებაზე უარი განაცხადეს და მიზანმიმართულად გაემართნენ საპროტესტო აქციის აღელვებული მონაწილეებისკენ, რომელთა უმეტესობა 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევის დროს დაზარალებულები და ყოფილი პოლიტპატიმრები იყვნენ, ასევე, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები. ჩვენ ნათლად ვიხილეთ ვიდეოკადრები, თუ როოგრ უსწორდებიან ერთმანეთს ქალაქის მერი, დეპუტატები, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და აქციის მონაწილეები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რის შემდეგაც დიპლომატებს დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა უჩვენა.

 

 შს მინსიტრმა სამწუხარო უწოდა თბილისის მერის, გიგი უგულავას მისვლის ფორმას ეროვნულ ბიბლიოთეკასთა. ღარიბაშვილის თქმით, გიგი უგულავა შეძახილებით ცდილობდა აქციის მონაწილეების გამოწვევას. 

 

“მომხდარი არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. დღესიათვის ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავაკავეთ ოთხი პირი – ორის სისხლის სამართლის საქმეზე, ორი კი – ადმინსიტრაციული, დაკითხულია 43 მოქალაქე. გამოძიებისთვის ჩვენება უნდა მიეცა ქალაქის მერს ბატონ გიგი უგულავას და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. მათ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს”, – თქვა შს მინისტრმა.

 

“ეს არის პირდაპირი დარტყმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე და არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელსიუფლების დისკრედიტაცია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ პატივი სცენ კანონის უზენაესობას, დაივიწყონ პოლიტიკური და თანამდებობრივი ამბიციები და კანონით დადგენილი წესით ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ოლიტიკური სპეკულაციების მეშვეობით ქვეყანაში ჩამოყალიბდეს პრივილეგირებულთა კასტა. მათ ლოგიკას რომ გავყვეთ, მწვრთნელები სპორტდარბაზებში უნდა დავკითხოთ, მუშები საამქროებში და პედაგოგები სკოლებში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ და ხელშეუხებელთა კასტა საქართველოში ვერ იარსებებს. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და სწორედ ასეთი სახელმწიფოს შენება გვსურს ჩვენ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩებთან შეხვედრისას. 

 

დღესვე თბილისის მერმა გიგი უგულავამ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა ირაკლი ღარიბაშვილი და უპასუხა შსს–ს განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მერის დასაკითხად განხორციელდებოდა იძულების ღონისძიებები.

 

“საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის თანახმად „მოწმეებს, დაზარალებულებს, ეჭვმიტანილებსა და ბრალდებულებს გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ან დასაკითხის ყოფნის ადგილას.“ 174-ე მუხლის თანახმად კი პირის იძულებითი გზით დაკითხვაზე მიყვანის მიზანს წარმოადგენს ის, რომ ,, უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დაზარალებულის, მოწმის მონაწილეობა, თუ ეს პირები უარს ამბობენ ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და ამასთან, დადგენილია გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზები.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მოწმე შეიძლება დაკითხულ იქნეს ,,დასაკითხის ყოფნის ადგილას“ და შესაბამისად, მისი საგამოძიებო ორგანოების შენობებში დაკითხვის აუცილებლობა არ არსებობს. თავის მხრივ არც სამართალდამცავ ორგანოებს აკისრიათ მოწმის სახით გამოძახებული პირის დაკითხვის ვალდებულება უშუალოდ სამართალდამცავ ორგანოებში.

 

ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად მოწმის იძულებით მიყვანის მიზანი მოწმის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის უზრუნველყოფაა და ის შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ სტატუსით გამოძახებული პირები უარს ამბობენ ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და ამასთან დადგენილია გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი. შესაბამისად, თუ მოწმე უარს არ აცხადებს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, არ არსებობს მისი იძულებით მიყვანის კანონით განსაზღვრული მიზანიც და ამის განხორციელების საფუძველიც არ არსებობს. გარდა ამისა, კანონი ჩვენების მიცემის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით მოყვანისთვის ითვალისწინებს ორი პირობის ერთდროულად არსებობას, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არათუ ორივე პირობას, მათგან ერთსაც არ აქვს ადგილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის მერის პოზიცია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში და 2013 წლის 8 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი მოვლენების ირგვლივ გამოძიებას მისცეს მისთვის ცნობილ ყველა საკითხზე ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია თბილისის მერიაში, არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას”, – ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი