შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ძველი თბილისის რაიონულ პოლიციაში ქალაქ თბილისის მერი, გიგი უგულავა მოწმის სახით დაკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა, რითაც უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა:
“დღეისათვის გამოძიების ეტაპზე დაკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის I ნაწილით დადგენილი იმპერატიული წესი, რომლის თანახმად, მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით. ის ვალდებულია სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გარშემო იცის და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ მოწმე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მოყვანილი. 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლი ადგეს პირის იძულებით მოყვანის წესს, კერძოდ, გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე, წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, გასცემს ბრძანებას პირის იძულებით მოყვანის შესახებ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენებაზე უარის თქმა არის სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც ითალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლში მოცემულია იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთა ბრალდებულად ცნობა საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს სპეციალურ თანხმობას მოითხოვს. ამ ჩამონათვალში არ არის ქალაქის მერი”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები შსს–მ 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების გამო დაკითხვაზე დაიბარა. თბილისის მერი დაკითხვაზე, როგორც თავად აღნიშნა დღის განრიგის გამო არ გამოცხადდა.
