„ქართული ოცნების“ ახალი ლიდერის ამპლუაში თამაზ თურმანიძე ბათუმში გასულ შაბათს ჩამოვიდა. ის წარმოშობით ბათუმელია. მისი მშობლები ამ ქალაქში ცხოვრობენ, თუმცა თვითონ,
მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, თბილისში ცხოვრობს და ბიზნესითაა დაკავებული.
აქვს რამდენიმე დეველოპერული კომპანია, მათ შორის „სოლო ჯგუფი“ და საკუთარი ჟურნალი, რომლის გამოცემა ამ პერიოდისთვის შეჩერებულია. საქართველოს გარდა, თამაზ თურმანიძეს ბიზნესი აქვს უკრაინასა და ჩეხეთში. ბიზნესმენი ამბობს, რომ მისი და პრემიერ ივანიშვილის პოლიტიკური გზები ბიზნესს არ უკავშირდება. „ეს, ალბათ, უფრო პარტიაში აქტივობას უკავშირდება. მე ვიყავი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის კოორდინატორი“.
თამაზ თურმანიძე ამბობს, რომ მისი პოლიტიკური აქტივობა 2003-2004 წლებში დაიწყო. „ეს აქტივობა აჭარის რევოლუციის მეორე დღესვე დასრულდა, როცა აჭარის ტელევიზიაში შევარდნენ. ჩავთვალე, რომ, ალბათ, მე ვერ ვხედავ რაღაცას სწორად-მეთქი და განვერიდე“.
სანამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო არჩევანს თამაზ თურმანიძეზე შეაჩერებდა, აჭარაში ამ პოზიციის დასაკავებლად სხვადასხვა ლიდერი და ჯგუფი იბრძოდა. მათ შორის იყო აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსი, გია ემირიძეც, რომელიც გასულ კვირას ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. როგორც „ოცნების“ შიდა წრეებში ამბობდნენ, ემირიძის მოწინააღმდეგე მხარეზე პარლამენტარ მურმან დუმბაძის გუნდი იდგა. მას შემდეგ, რაც ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილმა ჩინოსანმა, ასლან სმირბამ, გია ემირიძისთვის ქრთამის მიცემის ფაქტი უარყო, თანაგუნდელებმა გია ემირიძე პოლიტიკური ინტრიგების მსხვერპლად მიიჩნიეს და მისთვის გირაოში გადასახდელი თანხების შეგროვებაც კი დაიწყეს.
მათივე ინფორმაციით, გია ემირიძის დაკავების დროს მასთან ერთად ყოფილი პატიმარი სერგო ბერიძეც იმყოფებოდა. ამ ცნობის ნამდვილობას „ბათუმელებთან“ სერგო ბერიძე კატეგორიულად უარყოფს. „დედას ვფიცავარ თბილისში ვიყავი და ამ დილით ჩამოვედი. რაფით მოვდიოდი და მახინჯაურში ავარიაში მოვხვდი. ძალიან ცუდად ვარ და ვწევარ“, – ამბობს სერგო ბერიძე.
განიხილებოდა თუ არა გია ემირიძის კანდიდატურა ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად და მისი დაკავება ხომ არ არის დაკავშირებული ემირიძის გაცხადებულ სურვილთან – გამხდარიყო „ქართული ოცნების“ ლიდერი აჭარაში, თამაზ თურმანიძე ამბობს: „კანდიდატი ბევრი იყო, მაგრამ განხილვის პროცესებში მე არ ვმონაწილეობდი. გია ემირიძის თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. როგორც ვიცი, ის მზად იყო იმ გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა, რასაც პოლიტსაბჭო მიიღებდა“.
ყოფილი თანაგუნდელის დაკავებას ახალი პარტიული ლიდერი ასე აფასებს: „ჩემი მოსაზრება, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ჩემთვის დავიტოვებ. სამხედრო ოჯახში გავიზარდე, მამაჩემი სამხედრო პირია და ყოველთვის იმას ვასრულებდი, რაც საჭირო იყო. წესრიგს ვარ მიჩვეული საშინლად და ვითხოვ სხვისგანაც. როცა ჩემს კომპანიაში დავალებას ვიძლევი, ვითხოვ, რომ სიზუსტით გააკეთონ. თუკი მათ ექნებათ მოთხოვნები, ვითხოვ, რომ დაასაბუთონ. ამ შემთხვევაში, მე დავალების შემსრულებელი ვარ და ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა ჩემი კომპეტენცია არ არის. გია ემირიძეს მე ვერ განვსჯი. განსაჯოს იმან, ვინც ყველაზე სუფთაა“.
თამაზ თურმანიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად სწორედ ამ დრამატული მოვლენების დროს დანიშნა. თუმცა, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი დამფუძნებლები მას დღემდე არ იცნობენ.
„თურმანიძეს არასდროს შევხვედრივარ“, – ამბობს პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ასლან ლორთქიფანიძე.
„ოცნების“ ლიდერობისთვის ბრძოლა ბათუმში მინიმუმ ექვსი თვით უნდა შეჩერებულიყო, რადგან თამაზ თურმანიძე ამ პოსტზე ყოფნას სწორედ ამდენ ხანს აპირებს: „ექვსი თვე ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის გამოსაცდელი ვადაა. თუმცა, შემდეგ, ალბათ, მე თვითონ ვიტყვი უარს, რადგან მიმაჩნია, რომ ახალი სახეები ხშირად უნდა გამოჩნდეს. ეს იყო მთავარი პრინციპი და ჩემი თანხმობა აქ წამოსვლის“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ გახდა ახალი სახეების მოძიება და ჩამოყვანა ბათუმში, მაშინ, როცა არჩევნების დროს „ოცნების“ გვერდით პოლიტიკოსების საკმაოდ დიდი ჯგუფი იყო? – თამაზ თურმანიძე ამბობს: „ჩვენ მოვედით კოალიციური რეჟიმით, ამიტომ ბევრს ვერ გაურკვევია „ოცნებაშია“, „რესპუბლიკელებში“ თუ „თავისუფალ დემოკრატებში“. ბევრი ცვლილების მოლოდინში იყო, ზოგსაც ცუდი განზრახვა ჰქონდა, რადგან სადაც იყო, იქ აღარ გაეჩერებოდა და ახალს ეძებდა. ამიტომ ეს ყველაფერი შიდა პარტიულ რეჟიმშია დასალაგებელი, მე კი ერთგვარი ეიჩარის ფუნქცია მაქვს. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს გულისტკენასაც, მაგრამ უფრო იქეთკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ ვიღაცები გამოჩნდნენ“.
თამაზ თურმანიძე ამბობს, რომ ჩამოსვლისთანავე შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს: „მურმან დუმბაძეს ჯერ არ ვიცნობ, ალბათ, მასაც შევხვდები, როცა საქართველოში ჩამოვა“.
სწორედ მურმან დუმბაძის ფრთის, ძირითადად კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ, თამაზ თურმანიძის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ გაავრცელა გუშინ განცხადება ბათუმის „ქართული ოცნების“ ერთმა ჯგუფმა. ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვის ტექსტში წერია:
“თამაზ თურმანიძე ხასიათდება პოლიტსაბჭოს და თანამოქალაქეების მიერ ყოველმხრივ დადებით პიროვნებად. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების ვიწრო ჯგუფის მხრიდან განეხორციელებინათ მასზე ზეწოლა (სახელდობრ, მურმან დუმბაძის თაოსნობით ავთანდილ ბერიძის, მედეა ვასაძისა და ალეკო ჩიტიშვილის მიერ) თამაზ თურმანიძემ შეინარჩუნა პრინციპული პოზიცია.
„ჩვენთვის, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ბათუმელი დამფუძნებლებისთვის და თქვენი მრავალათასიანი ბათუმელი მხარდამჭერისთვის, კატეგორიულად მიუღებელია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ამ ნაწილისგან აღმაშფოთებელი ნეპოტიზმის მორიგი მცდელობა, რათა მოხერხდეს პოლიტსაბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატის ჩანაცვლება მათთვის სასურველი და იოლად მართვადი პიროვნებით. კერძოდ, ლაშა სირაბიძის პერსონით, რითაც თავის მხრივ აყენებენ უხერხულ სიტუაციაში აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, ვინაიდან, ლაშა სირაბიძე გახლავთ მისი მეუღლის მკვიდრი ბიძაშვილი”.
საპროტესტო მიმართვის ავტორები, დღეს ბათუმის პრესკაფეში საგანგებო განცხადებას ისევ გააკეთებენ.








