ახალი ამბები

მძიმე დარღვევების გამო „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი დაინიშნა

11 მაისი, 2017 • 9038
მძიმე დარღვევების გამო „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი დაინიშნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, მიიღო გადაწყვეტილება, შპს “ჯორჯიან მანგანეზში”, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვითა და სასამართლოს თანხმობით, სპეციალური მმართველი შეეყვანა.

“კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიას და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით, რაც საბოლოოდ დადასტურდა მიმდინარე თვეს განხორციელებული დათვალიერების შედეგად,” – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, გაირკვა, რომ მდგომარეობა როგორც მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით კომპანიამ არათუ გამოასწორა, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე, ფაქტობრივად, ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფას სიტუაციას ქმნის:

“შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სამინისტროს მხრიდან მოთხოვნილი შუამდგომლობა სამართლიანად დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და კომპანიაში შეიყვანეს სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი სიტუაციის ეტაპობრივ გამოსწორებაზე. ამასთან, მისასალმებელია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიას არ შეუჩერა საქმიანობის ნებართვა და ლიცენზია, რაც თავისთავად აარიდებს ქვეყანას საწარმოო პროცესის შეჩერებას.”

გარემოს დაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ კომპანია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, არ ემუქრება დათხოვნა მომუშავე პერსონალს და სიტუაციის გამოსწორებისათვის კომპანიის სპეციალური მმართველის მიერ ეტაპობრივად იქნება წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკი.

“სპეციალურ მმართველად წარდგინეს და დანიშნეს ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელსაც გააჩნია მუშაობის დიდი გამოცდილება ს.ს ,,ფეროშენადნობთა ქარხანაში“ და კარგად იცნობს შ.პ.ს “ჯორჯიან მანგანეზში” არსებულ პრობლემებს. ვფიქრობთ, იგი დროულად შეძლებს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივ გამოსწორებას ჭიათურასა და ზესტაფონში,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, დღეს, როდესაც საქართველოს აქვს პრეტენზია, იყოს ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი და აარიდოს ადამიანი მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას, ყველა კომპანიამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ გარდა კომერციული მოგებისა, საქამიანობისას სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები უნდა მოაწესრიგონ.

2016 წლის აპრილში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს “ჯორჯიან მანგანეზს” 200 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმა დააკისრა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კერძო კომპანიის დაჯარიმების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი