6 თებერვალს ყოფილმა პოლიტპატიმრებმა – მელორ ვაჩნაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა გამართეს პრესკონფერენცია და სახალხო დამცველს მოსთხოვეს, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩეროს ნათია იმნაძესა და ოთარ კვაჭაძეს. მათივე განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულებაა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან არ გამოჰქონდათ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების სახელზე შედგენილი პატიმართა წერილები და არ ასაჯაროებდნენ ციხეებში არსებულ მდგომარეობას.
“სპეციალური პრევენციული ჯგუფი ამჟამად ახორციელებს გეგმიურ მონიტორინგს დასავლეთ საქართველოში და მისი ხელმძღვანელი ნათია იმნაძე კატეგორიულად უარყოფს სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიმართ გავრცელებული ბრალდებების მართებულობას და პოლიტპატიმართა მოთხოვნის საფუძვლიანობას.
რაც შეეხება მელორ ვაჩნაძისა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ის გადამოწმდება სახალხო დამცველის აპარატის მიერ და მოხელეთა მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დისციპლინური სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ფორმით, მას მოჰყვება სათანადო რეაგირება.
ამავდროულად მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ხელმძღვანელის, ასევე მისი მოადგილის უფლებამოსილების შეჩერების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს,” – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.





