ნეტგაზეთი | ვერძეული: უვადოდ დანიშნეს რამდენიმე ცნობილი მოსამართლე, რომლებთანაც კითხვები არსებობს ვერძეული: უვადოდ დანიშნეს რამდენიმე ცნობილი მოსამართლე, რომლებთანაც კითხვები არსებობს – Netgazeti
RU | GE  

ვერძეული: უვადოდ დანიშნეს რამდენიმე ცნობილი მოსამართლე, რომლებთანაც კითხვები არსებობს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი სოფო ვერძეული აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორი ყოველთვის მხარს უჭერდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შემოღებას კანონმდებლობაში.

“თუმცა, როგორც ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს არ უჭერდნენ უვადოდ გამწესებამდე პრობაციის არსებობას მოსამართლეებისთვის. ძალიან უცნაურია, რომ წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტი უარს არ ამბობდა მოსამართლეთა პრობაციაზე, მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა ადგილობრივი ორგანიზაციების თუ ვენეციის კომისიის მხრიდან. ძალიან მოულოდნელად, “მესამე ტალღის” კანონპროექტის განხილვის დროს, სულ ბოლო მომენტში პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ საპრობაციო ვადა არ გავრცელებულიყო უზენაესი სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ წევრებზე.

ამან, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა, თუ რა მოტივაცია ჰქონდა პარლამენტს, როდესაც სულ ბოლო მომენტში შეცვალა კანონპროექტები. სწორედ ამ ცვლილებების საფუძველზე დღეს მივიღეთ პირველი უვადოდ დანიშნული მოსამართლეები. მათ შორის, რამდენიმე ცნობილი მოსამართლე, რომელთა მიმართაც გარკვეული კითხვები არსებობს”, – აცხადებს ვერძეული.

მისივე თქმით, დღეს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა იმდენად ხარვეზიანია, რომ საბჭოს აძლევს თავისუფლებას, დანიშნოს მისთვის სასურველი ნებისმიერი კანდიდატი ისე, რომ საზოგადოებას არ წარუდგინოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რატომ გადაწყვიტა მან, სისტემაში დაებრუნებინა კადრები, რომელთა წარსული სამოსამართლეო საქმის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს.

“მათ შორის, კითხვები მათ ამჟამინდელ გავლენებთან დაკვშირებით სასამართლო სისტემაში. მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძის შემთხვევაში, განხილული საქმეების რაოდენობა, ცხადია, ვერ გახდება ერთადერთი შეფასებს საფუძველი. საბჭომ დანიშვნის დროს ისიც უნდა მიიღოს მხედველობაში, რამდენად შეუწყო ხელი კონკრეტული ადამიანების წარსულმა საქმიანობამ მართლმსაჯულების განვიათებას ქვეყანაში, რამდენად იყვნენ ეს ადამიანები ცნობილი მათი იდეებით, ადამიანის უფლებების პატივისცემით.

ადმინისტრაციული თანამდებობა, ცხადია, არ ათავისუფლებს მოსამართლეებს პასუხისმგებლობისაგან, რომ განახორციელოს მართლმსაჯულება და განიხილოს საქმეები. ამიტომ გარკვეული კითხვები, რომლებიც ამ შემთხვევაში გაჩნდა [ჩინჩალაძის მიმართ], არის სრულიად ლეგიტიმური,” – აცხადებს სოფო ვერძეული.


დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომა იმართება, სადაც რამდენიმე მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხი განიხილება.

2017 წლის თებერვალში ძალაში შევიდა მართლმსაჯულების “მესამე ტალღის” რეფორმა, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისაგან ათავისუფლებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედ, ისე ყოფილ წევრებს, თუ მათ საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვთ.

ამ წესით იუსტიციის საბჭოს შესაძლებლობა ეძლევა, უვადოდ დანიშნოს მოსამართლეებად ლევან მურუსიძე, მაია სულხანიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე და სხვები, რომელთა საქმიანობის მიმართ არსებობს მოტივირებული და საფუძვლიანი პრეტენზიები საზოგადოებაში.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი ეწინააღმდეგება ამ მოსამართლეების უვადოდ ავტომატურად გადანიშვნას. მაგალითად, საიას განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭო ცდილობს, მოქმედი შემადგენლობის პირობებში მოასწროს რიგი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. TI-ის იურისტი, ოლიკო შერმადინი მიიჩნევს, რომ საბჭო ცდილობს, კონკრეტული პირის სასარგებლოდ გამოიყენოს დღეს შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი