ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევოკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკომისარი ტრანსპორტის დარგში, სიიმ კალასი მიიღებენ მონაწილეობას 12-13 თებერვალს თბილისში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის შეხვედრაზე.
ღონისძიებას ქართული მხრიდან უმასპინძლებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ასევე, საქართველოს მხრიდან არაფორმალურ დიალოგში მონაწილეობას მიიღებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.
ღონისძიების მონაწილეები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შემდგომი განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე შეხვედრაზე განიხილება სექტორული, კერძოდ ტრანსპორტის სფეროში დიალოგის საკითხებიც.
ეს შეხვედრა წინ უსწრებს 2013 წლის 28-29 ნოემბერს ქ. ვილნიუსში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მესამე სამიტს და ქართული მხარე იმედოვნებს, რომ სამიტისთვის უფრო ეფექტურად მომზადების შასაძლებლობას იძლევა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის ფორმატი 2012 წლის 17 აპრილს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ქეთრინ ეშტონისა და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს ინიციატივით შემოიღეს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის პირველი შეხვედრა 2012 წლის 5 ივნისს ქ. კიშინეუში გაიმართა.