ახალი ამბები

მინდელის შახტში მომხდარს უსაფრთხოების დარღვევით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იძიებენ

10 მაისი, 2017 • 2724
მინდელის შახტში მომხდარს უსაფრთხოების დარღვევით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იძიებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო მინდელის შახტში 4 მუშის ჩავარდნის ფაქტზე გამოძიებას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევით სიცოცხლის მოსპობა/გამოწვევის მუხლით იძიებს.

აღნიშნული დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს. ამ მუხლის დარღვევა ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

შსს-ს ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მინდელის სახელობის მაღაროში, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, 4 მაღაროელი შახტში ჩავარდა.

პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტყიბულის სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლები ოპერატიულად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. სამაშველო ღონისძიებაში ასევე ჩაერთნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამთო მაშველები.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორების ჯგუფი.

ტყიბულში, მინდელის შახტში, 4 მუშის ჩავარდა, რამაც დიდი ალბათობით მათი დაღუპვა გამოიწვია. ამის გამო აქცია გაიმართა თბილისში, სადაც 2 ადამიანი დააკავეს. პოლიციამ აქციის მონაწილენი მას შემდეგ დააკავა, რაც მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

პროფკავშირების მონაცემებით, 2007-2016 წლებში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 716 – მძიმედ დაშავდა. 2015 წელს სამუშაო ადგილზე 42 ადამიანი გარდაიცვალა, 80 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. უკვე 2016 წელს 2016 გარდაიცვალა 58, ხოლო მძიმედ დაშავდა 84 მუშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი