ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილი: თბილისის მერს ადრე თუ გვიან დააპატიმრებენ

6 თებერვალი, 2013 • 1079
ლევან ბერძენიშვილი: თბილისის მერს ადრე თუ გვიან დააპატიმრებენ

ბერძენიშვილის თქმით, მათ გუნდს ოპოზიციის წევრებზე ზეწოლის ვერც ერთი ფაქტი ვერ დაუდასტურეს:

 

“ჩვენ ზეწოლის ვერც ერთი ფაქტი ვერავინ ვერ დაგვიდასტურა პარლამენტში. არავინ არ ახდენს არავისზე ზეწოლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ფაქტი მაინც დაიდებოდა…

 

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი

გასაგებია, რომ არავის არ სიამოვნებს, დანაშაულში რომ გამოიჭერენ, მაგრამ თბილისის მერმა რომ დაასაქმა 700-ზე მეტი ადამიანი და ერთ საქმეს აკეთებდნენ და მეორესთვის ხელფასს იღებდნენ, მომღერალი იყო, მთამსვლელად იყო დანიშნული და აგიტატორი იყო და დასუფთავებისთვის იღებდა ხელფასს, ეს დანაშაულია. რა შუაშია აქ ზეწოლა? თბილისის მერს ადრე თუ გვიან დააპატიმრებენ, ჩემი აზრით, იმდენი დანაშაული უჩანს მას და ეს ზეწოლა იქნება? მერე იტყვიან ზეწოლა არისო და არ არის ზეწოლა. დანაშაულისთვის პასუხს აგებს ყველა”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

ბერძენიშვილის შემდეგ ამავე გადაცემაში “თბილსერვის ჯგუფის” საქმეზე, რომლის ფარგლებშიც დაიკითხა თბილისის მერი გიგი უგულავა, ფინანსთა მინისტრმა, რომლის დაქვემდებარებაშია საგამოძიებო სამსახური, რომელიც იკვლევს აღნიშნულ საქმეს, განაცხადა, რომ საზოგადოება მალე გაიგებს ამ საქმეზე გამოძიების დასკვნას. ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ აშშ-ში იყო, როდესაც დაიკითხა გიგი უგულავა და არ ფლობს ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას.

 

“ამასთანავე, პროცესუალური პირი არ ვარ და არ ვიცი დაკითხვის დეტალები”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება, თუმცა საქმეზე ბრალდებული ჯერ გამოვლენილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი