ახალი ამბები

ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

9 მაისი, 2017 • 2383
ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო  პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობასთან, აუდიტორია 115-ის აქცია მიმდიანრეობს. აქციის გამართვის მიზეზი ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევაა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ოთხი მეშახტე დაიღუპა.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე ავტომობილების სავალი გზის დაკავება სცადეს. სავარაუდოდ, პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა.

“გაბრაზებული ხალხი გამოვედით გარეთ. ფიზიკურად არ ვიცით, რა გავაკეთოთ, ამის შემდეგ განვსაზღვრავთ სამოქმედო გეგმას. ასე გაგრძელება რომ არ შეიძლება, ეს ფაქტია. რაღაცით უნდა დავუპირისპირდეთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკას,” – ამბობს ილია ლეჟავა, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრი.

აუდიტორია 115-ის ერთ-ერთი წევრის, ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, არსებული რეალობა აჩვენებს, რომ  სამუშაო ადგილზე ადამიანის დაღუპვა სახელმწიფოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს:

“ეს ტრაგედია არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება, თუ რამე არ შეიცვალა. შრომის ინსპექცია უნდა შეიქმნას. მთავრობამ და პარლამენტმა ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ ამგვარი ინსპექციის შექმნა იმას ნიშნავს, რომ დამატებითი ხარჯი შეიძლება დაეკისროს საწარმოს და, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, არანაირი დისკომფორტი შეუქმნას იმ დაწესებულებებს, სადაც ძალიან მაღალია ადამიანების დაღუპვის საფრთხე.”

მისივე თქმით, სანამ სახელმწიფო ბიზნესს ვერაფერს გაუბედავს, მანამდე გაგრძელდება მსგავსი ტრაგედიები.

“სანამ სახელმწიფო ასე ჩუმად იქნება და ვერაფერს გაუბედავს “ჯი აი ჯი” ჯგუფს თუ სხვა დიდ კომპანიებს, მანამდე გაგრძელდება ეს ტრაგედიები. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ  სამუშაო ადგილზე ადამიანის დაღუპვა დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თორემ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ,” – აღნიშნავს ლორთქიფანიძე.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის, ილია ლეჟავას განცხადებით, დაღუპულია ოთხივე მუშა, რომლებიც დღეს ტყიბულის მაღაროს სატვირთო ლიფტის შახტში ჩავარდნენ.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი