ახალი ამბები

დოლაბერიძე: ვინც ინსპექციის შექმნას ბიზნესის დაზარალების მოტივით ეწინააღმდეგება, მკვლელია

9 მაისი, 2017 • 2640
დოლაბერიძე: ვინც ინსპექციის შექმნას ბიზნესის დაზარალების მოტივით ეწინააღმდეგება, მკვლელია

საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმზღვანელი თამაზ დოლაბერიძე ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება და ამბობს, რომ ვინც შრომის ინსპექციის შექმნის ინიციატივას იმ მოტივით ეწინააღმდეგება, რომ  ბიზნესი დაზარალდება, მკვლელია.

“არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რა ვთქვა, ან რა მოვიმოქმედო, დავქოქე ავტომობილი და მივდივარ ტყიბულში, მაგრამ თანდათან ჩემი სამუშაოს მიმართ ზიზღი მეუფლება. მძულს ის საქმე, რასაც ვაკეთებ, იმიტომ, რომ კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ოთხი ტყიბულელი მეშახტე, კიდევ ოთხ ადამიანს ვერ ვუშველე ვერაფერი. ვყვირი, ვყეფ, რად გინდა, გადაწყვეტილების მიმღები ტიპები არც კი გისმენენ.

შრომის ინსპექციის შექმნის ინიციატივას ვინც იმით ოპონირებთ, რომ ბიზნესი დაზარალდება, ხართ მკვლელები, სისხლის მსმელები, ხოდა ჩადით ახლა და აუხსენით ალეკო ჭელიშვილის მცირეწლოვან ნანატრ შვილს, რომ მამამისი თქვენი დანაშაულებრივი პოზიციის გამო დაიღუპა. აუხსენით, რომ მამამისი რომ არ დაღუპულიყო, ბიზნესი დაზარალდებოდა.

დღეს, 17:00 – 18:00 საათის შუალედში, რემონტის დროს, 350 მეტრზე მეტი სიმაღლიდან შახტში ჩაცვივდნენ ტყიბულის მაღაროს საშახტო აწევის ზეინკლები:

ალეკო ჭელიშვილი
ვიქტორ დაღუნდარიძე
გიზო გუბელიძე
გიზო კუბლაშვილი

მათ შორის ალეკო ჭელიშვილი 2010 წლიდან ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის კომიტეტის წევრი იყო, ამავე დროს, პროფკავშრული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი,” – წერს დოალბერიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის, ილია ლეჟავას განცხადებით, დაღუპულია ოთხივე მუშა, რომლებიც დღეს ტყიბულის მაღაროს სატვირთო ლიფტის შახტში ჩავარდნენ.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი