ახალი ამბები

ბაქრაძე: ვერულაშვილის გადაწყვეტილება უმრავლესობიდან მუქარის შედეგია

5 თებერვალი, 2013 • 898
ბაქრაძე: ვერულაშვილის გადაწყვეტილება უმრავლესობიდან მუქარის შედეგია

„რამდენიმე დღეა ჩვენ ვისმენთ უმრავლესობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომ ეს კვირა არის გადამწყვეტი, რომ ყველა პარლამენტის წევრმა უნდა ინდივიდუალურად დაამტკიცოს და გამოხატოს საკუთარი პოზიცია და რომ ამ გამოხატვაზეა დამოკიდებული მათი პოლიტიკური მოამავალი და ისიც, რამდენად შეძლებენ ისინი ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელებას. სწორედ ეს არის იმ მუქარების საჯარო გამოხატულება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით.

 

ასეთი მუქარები, ასეთი ზეწოლა, ასეთი შანტაჟი უკვე კვირების განმავლობაში მიმდინარეობს პარლამენტის რამდენიმე წევრზე და ის, რაც ამ დღეებში მოვისმინეთ უმრავლეობის მხრიდან, იყო უკვე ხილული გამოხატულება ამ ზეწოლის და შანტაჟის, როცა პირდაპირ ხდებოდა მოწოდება ოპოზიციური დეპუტატების მიმართ, ინდივიდუალურად, არა ფრაქციის, არა პოლიტიკური პარტიის, არამედ ინდივიდუალური ინტერესების გათვალიწინებით დაეფიქსირებინათ პოზიცია. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონი ვერულაშვილის მიერ მიღებული ინდივიდუალური გადაწყვეტილება გახლავთ შედეგი სწორედ იმ მოწოდების, სადაც იყო პირდაპირი მუქარის ტონით გაკეთებული განცხადება უმცირესობის დეპუტატების მიმართ, რომ მათ ეს გაეკეთებინათ.”

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, ვერულაშვილის განცხადება 4 თებერვლით თარიღდება, სადაც მიუთითებს, რომ ტოვებს ფრაქცია “რეგიონებს”. მისივე თქმით, დღეს ამ განცხადების თაობაზე ეცნობა ბიუროს და იმდენად, რამდენადაც, პროცედურის თანახმად, აღნიშნული განცხადება განხილვას არ საჭიროებს, ის იქნა ცნობად მიღებული და ვერულაშვილი ამ დროისთვის რჩება პარლამენტის უფრაქციო დეპუტატად.

 

ვერულაშვილი განცხადებაში არ განმარტავს მიზეზებს, თუ რატომ ტოვებს უმცირეობის ფრაქციას, ხოლო თავად მარიკა ვერულაშვილთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი