ახალი ამბები

არჩილ ჭყოიძე: პროვოკაცია დაიგეგმა თბილისში, რუსეთის საკონსულოში და ენმ-ში

8 მაისი, 2017 •
არჩილ ჭყოიძე: პროვოკაცია დაიგეგმა თბილისში, რუსეთის საკონსულოში და ენმ-ში

“ერეკლე მეორის საზოგადოების” თავმჯდომარის, არჩილ ჭყოიძის განცხადებით, ხვალ, 9 მაისს თბილისში, ვაკის პარკში პროვოკაცია იგეგმება. ჭყოიძის ინფორმაციით, თბილისში პრორუსული ორგანიზაციები და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოაწყობენ არეულობას და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდებიან, რაც მიზნად ისახავს საქართველოს იმიჯის დაზიანებას და რუსულ-ქართული ურთიერთოების გამწვავებას.

ჭყოიძის განცხადებით, ინფორმაცია მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ დაახლოებით 2 კვირის წინ მიიღო. ჭყოიძე ინფორმაციის წყაროების შესახებ არ საუბრობს და აცხადებს, რომ მზად არის, ითანამშრომლოს ძალოვან სტრუქტურებთან და კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს 9 მაისის შესაძლო პროვოკაციის ორგანიზატორების შესახებ. მისი თქმით, შეხვედრები თბილისში, რუსეთის საკონსულოში, ენმ-სა და “თავისუფალ ზონაში” იმართებოდა.

“ხვალ 9 მაისს, 10:00 საათზე, თითქოსდა “უკვდავი პოლკის” სახელით აპირებენ საკმაოდ სერიოზული რაოდენობის ხალხი ვაკის პარკში შესვლას. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ამის შესახებ ინფორმირებულია ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი ზონა და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გაიგივებული არიან ენმ-სთან. მზადდება პროვოკაცია. ამიტომ მინდა განვაცხადო, მე არ დავასახელებ სახელებს და გვარებს ამ ადამიანებისას, თუმცა, თუ საჭირო გახდა, მე მზად ვარ, გადავცე ეს კონფიდენციალური ინფორმაცია საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს და მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეკრებები მოხდა იმავე რუსეთის საკონსულოში საქართველოში, რა შეკრებები ხდებოდა “თავისუფალ ზონასა” და იმ ორგანიზაციებში, რომლებიც ერთად აპირებენ, რომ მოაწყონ ის, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯს სერიოზულად შეარყევს. მე მზად ვარ, ძალოვან სტრუქტურებს დაწვრილებით ავუხსნა ყველაფერი და ვუთხრა, რა შეიძლება ხვალ მოხდეს. შესაძლებელია, მათ უკვე აქვთ ამაზე ინფორმაცია და აქვთ რაიმე ღონისძიებაც გატარებული, რომ ეს არ მოხდეს.

ვიცი, რომ ხვალ, 10 საათზე, ორივე მხრიდან შეიკრიბება საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომელთა დაპირისპირებას არაფერი შეუშლის ხელს, თუ არა ქვეყნის სამართალდამცავი სამსახურები,” – აცხადებს არჩილ ჭყოიძე.

ჭყოიძის განცხადებით, ბაიკერების ჯგუფის, “ღამის მგლების” თბილისში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციაც ამავე ჯგუფებმა გაავრცელეს, რადგან აინტერესებდათ საზოგადოების რეაქცია.

“აქ საუბარი იყო ირაკლი ყიფიანზე, მაგრამ რეალურად ყიფიანი არ იყო აქ ორიგანიზატორი. ეს იყო, უბრალოდ, პიროვნება, რომელსაც გააჟღერებინეს ეს იდეა, რადგან აინტერესებდათ, რა მოჰყვებოდა ამ საკითხს. პერსონებზე, პიროვნებებზე და დროზე, ვინ, სად და როდის მომაწოდა ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდებოდა საკონსულოში, რომელი პრორუსული ორგანიზაციები დაიბარეს, ამით, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება ხელი შევუშალო რაღაც მოვლენებს.

ერთი შემიძლია ვთქვა პირდაპირ, რომ ამ “უკვდავების პოლკში”, რომელიც ხვალ აპირებს ვაკის პარკში გამოსვლას, არის ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქე და არის რამდენიმე ადამიანი ორმაგი მოქალაქეობით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათ ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭათ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს,” – ამბობს ჭყოიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხს მოიკვლევენ იმ შემთხვევაში, თუ მათ არჩილ ჭყოიძე შესაბამისი განცხადებით მიმართვს. ამ დროისათვის ჭყოიძეს ჯერ არ მიუმართავს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და როგორც გვითხრეს, საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით მოგვაწვდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი