შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღემდე აღნიშნულ სისტემაში საქმიანობა ერთიანი სტრატეგიის გარეშე ხორციელდებოდა, რაც უარყოფითად აისახებოდა რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და შედეგების მიღწევაზე.
სამინისტროს განცხადებით, უწყებაში ჩამოყალიბდება რეფორმებისა და განვითარების სააგენტო, რომლის მთავარი ფუნქცია უწყების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება იქნება.
2013 წლის შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების სტრატეგიაში ჩამოყალიბებულია სამინისტროს სისტემის რეფორმის ძირითადი პრიორიტეტები: სისტემის დეპოლიტიზება, ადამიანის უფლებების დაცვა, რესტრუქტურიზაცია, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, პოლიციელებისთვის ქცევის წესების რეგლამენტაცია და ა.შ.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებით, სტრატეგიის მიზანია, აღნიშნული სამართალდამცავი უწყების სისტემის ცალკეულ სფეროებში საჭიროებების დადგენა, მათი განსაზღვრა და მათი მიღწევისათვის ოპტიმალური საშუალებების შემუშავება:
“ამ თვალსაზრისით სტრატეგიაში გამოყოფილია შემდეგი მნიშვნელოვანი სფეროები: საზღვაო და სასაზღვრო უსაფრთხოება საგანგებო სიტუაციების პრევენცია და ეფექტური მართვა, მიგრაციული პროცესების მართვა, ნარკოდანაშაულის, ტრეფიკინგის, კორუფციის, ტერორიზმისა და მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ხარისხიანი უზრუნველყოფის უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.