ახალი ამბები

ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი უფროსი დაკითხეს

2 თებერვალი, 2013 •
ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი უფროსი დაკითხეს

ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი უფროსი რამაზ სულამანიძე მოწმის სტატუსით  დაკითხეს. როგორც სულამანიძე აცხადებს, მას  4 საათის განმავლობაში დასაქმების მსურველთა აღრიცხვის პროექტთან დაკავშირებით კითხავდნენ, კერძოდ, რამდენად იყო საჭირო აღნიშნული საქმიანობისთვის კადრების ის რაოდენობა, რაც დაასაქმეს:

 

“საკითხი ეხება გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის მიმდინარეობის შესახებ. კონკრეტულად მე არაფერს მედავებიან, მოწმის სტატუსით დავიკითხე. ბუნებრივია, ყველა კითხვას ვუპასუხე, სხვა კითხვები გამოძიებას არ ჰქონია, თუ იქნება, გავცემ გამოძიებას ყველა იმ პასუხს, რაც აინტერესებთ.”

 

კითხვაზე, ხომ არ დაუსვამთ კითხვები სამსახურში”ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორებისა და მიკროკოორდინატორების დასაქმებასთან დაკავშირებით, სულამანიძე პსუხობს:

 

“ეს კითხვა ჩემთვის არავის დაუსვამს. ამაზე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ურთიერთობა გვქონდა ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან, როცა აგვყავდა დასაქმების აგენტები და შტატგარეშე თანამშრომლები და, ბუნებრივია, მათი პარტიული წარმოშობის და მათი სხვა, ასე ვთქვათ, მდგომარეობის შესახებ ინფორმაცი არ გვქონდა. “

 

ქუთაისის პროკურატურასთან იმყოფებოდა იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე. მისი თქმით, საქმე გასაოცარ მოვლენასთან გვაქვს:

 

“ცოტა არ იყოს, გასაოცარიც კი არის. იმის მაგივრად, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაკავებული იყოს იმით, რომ ხალხი დაასაქმოს, დაკავებულია იმ ადამიანების დაჭერით, ვინც ხალხს ასაქმებდა.”

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ 2-3 დღეში გაასაჯაროებენ იმ საქმის შესახებ ცნობებს, რომლის ფარგლებშიც ქუთაისში პროკურატურა მოქალაქეების, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მასობრივად დაკითხვას ახორციელებს.

 

“მიმდინარეობს არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების დაკითხვა ქუთაისში,” – აცხადებს პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი