ახალი ამბები

გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს

1 თებერვალი, 2013 • 1332
გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს

მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით უწყება თბილისის მერს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მერიის შენობაში მიუტანეს. თუმცა იმის გამო, რომ სამუშაო საათები დასრულებული იყო, უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა.

 

გიგი უგულავა დაკითხვაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5,245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებითაა დაბარებული.

 

ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  სპეციალურ განცხადება გაავრცელა. უწყებაში აცხადებენ, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს “თბილსერვის ჯგუფის” იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა “საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება”, სადაც 2 წლის განმავლობაში ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი – ე.წ. პარტიული კოორდინატორი.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დასაქმებულების უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებული იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.

“გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს,” – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი