ახალი ამბები

ბობოხიძე: საგანელიძემ ახლა გააკეთა ანალიზი, რომ მათი კანდიდატი ხონში სურმავას ნათესავი იყო?!

1 თებერვალი, 2013 • 1452
ბობოხიძე: საგანელიძემ ახლა გააკეთა ანალიზი, რომ მათი კანდიდატი ხონში სურმავას ნათესავი იყო?!

ბატონო აკაკი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ხონში – ნიკა სანოძე თქვენთან თანამშრომლობდა, კერძოდ, საგანელიძემ თქვა: “ახლა გეტყვით, რა მოხდა ხონის რაიონში, აქ ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატმა არჩევნები ისეთი ციფრებით წააგო, რომელსაც არ ველოდით. მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი კანდიდატი სანოძე ყოველ საღამოს ინფორმაციას აკაკი ბობოხიძეს აბარებდა.” რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?

 

სამწუხაროდ, სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, მე ვისურვებდი, რომ ხონში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან მქონოდა ურთიერთობა და მე ყოველთვის ვთავაზობდი ხონელებს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება თბილისში, ჩვენ, ხონელებს გვქონოდა ერთმანეთთან სხვა ურთიერთობები და დამოკიდებულებები და ეს დამოკიდებულებები ყოფილიყო საქმიანი. სამწუხაროდ, ეს წინადადება მთლად მიღებული არ იქნა.

 

ასე რომ, საგანელიძის ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა გულწრფელად ვიტყვი ერთ რამეს: ხონი ყოველთვის თვითონ წყვეტდა ხოლმე თავის ბედს და ეს იყო, პირველ რიგში, ხონელების დამსახურება და მერე იყო პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც ხონში საქმიანობდნენ. ჩვენ ყოველთვის ჩვენ თვითონ ვწყვეტდით, თბილისის გარეშე, თუ როგორი პოზიცია უნდა დაეჭირა ხონს. გულწრფელად გეტყვით, რომ მე ვგულშემატკივრომ ხონში იმ ჯგუფს, რომელიც ამბობს, რომ ადგილზე გადაწყდეს, თუნდაც იმ ნაწილი ხონელების ბედი, რომლებიც დღეს “ქართულ ოცნებასთან” არის გაერთიანებული და არ წყვეტდეს ამ ადამიანების ბედს არავინ ხონის გარედან, მათ შორის არც საგანელიძე.

 

რაც შეეხება საგანელიძის შიშებს, მე ბოდიშს ვიხდი, ძალიან არ მინდოდა, ყოველთვის ვცდილობ, რომ არ ჩავერიო “ქართული ოცნების” საშინაო საქმეებში, ეს არის მათი საქმე. უცნაური ის არის, რომ იქითა მხარეც, რადგანაც პარლამენტის წევრები ვართ მეც და საგანელიძეც, თვლის, რომ საგანელიძესთან შეთანხმებას მივაღწიე და თითქოს ჩემგან არის იქ რაღაც პროცესები პროვოცირებული. და ასევე, საგანელიძეც თვლის, რომ თურმე ისინი არიან ჩემგან მართულები. რა თქმა უნდა, არც ერთი და არც მეორე სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ზოგადად კი, “ქართულ ოცნებას” აშკარად დასჩემდა შიშები, ყველგან ხედავენ, სადაც კი პრობლემებს წააწყდებიან, “ნაციონალური მოძრაობის” შიშს და მე გავახსენებ საგანელიძეს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ კარგად მოისმინონ ჩემი განცხადებებიო და საგანელიძეს ვურჩევ, კარგად და გაგებით მოისმინოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უკვე არანაირ ძალას არ წარმოადგენს და ამ პოზიციით, რომ, თურმე ხონში ბობოხოძე მართავს სიტუაციას, მინდა გითხრათ, ის პირდაპირ ეწინააღმდეგება პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას.

 

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ იზიარებს საგანელიძის ეჭვს, რომ რეგიონებში, სადაც პრობლემები შეექმნა “ქართულ ოცნებას”, შეგზავნილია კოალიციაში შემავალი პარტიების, კერძოდ, “თავისუფალი დემოკრატების” რიგებში “ნაციონალური მოძრაობიდან” ხალხი…

 

ანუ პრემიერ-მინისტრს უკან მიაქვს მისი სიტყვები და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ ცოცხალია და იცოცხლებს, ხომ? ეს ძალიან კარგია, სხვთა შორის.

 

პრემიერ-მინისტრს ხშირად უჩნდება ეჭვები და ანალიზის დიდი უნარი აქვს. ეტყობა, იჯდა და მთელი ღამე ფიქრობდა ამაზე, რომ ეს დასკვნა გაეკეთებინა. პრემიერ-მინისტრს ვურჩევდი, რომ გაცილებით დიდი პრობლემების და გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და ამ პრობლემების გამოსავალ გზებზე იფიქროს და აკეთოს ანალიზი და არა იმაზე, ხონში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შეგზვანილი ჯგუფები აკეთებენ თუ არა რამეს პროვოცირებას. 

 

დავით საგანელიძემ განაცხადა:სანოძე ივანიშვილის დაცვის წევრის, სურმავას ცოლის დის ქმარი აღმოჩნდა. როცა ჩვენ ბევრი რამ გავარკვიეთ, თუ რატომ წავაგეთ ზოგიერთი მაჟორიტარული ოლქი, სად გაგვყიდეს, სად იყო შემოგზავნილი ხალხი, “ნასედკები”, ვუთხარით, რომ შენ პარტიაში აღარ იქნები და შეგცვლის ვინმე სხვა, მათ კი ჩართეს ყველა მექანიზმი. ხონში 200 კაცი სოფლებიდან მოკროავტობუსებით ჩამოიყვანეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ “არ მისცემენ დავით საგანელიძეს უფლებას, მზითევში წაიღოს ხონი”. როცა მათი სურათებიც ამოვიღეთ, ვნახეთ, რომ ისინი “ნაციონალური მოძრაობის” მთელი პარტაქტივი იყო”…

 

საგანელიძემაც გააკეთა ანალიზი? მარტო პრემიერი იყო, მეგონა, ანალიზით დაკავებული, ახლა საგანელიძეც დაკავდა ანალიზით? ეგ ანალიზი როდის გააკეთეს? ახლა გააკეთეს, რომ მათი კანდიდატი ხონში იყო ბესო სურმავას ნათესავი? ეს ანალიზი ახლა გააკეთეს? მე რამდენადაც ვიცი, ბატონ ბიძინას ძალიან უყვარდა ბესო სურმავა და მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთი მთავარი მოტივი, რის გამოც ისინი მოსახლეობიდან ხმების მიღებას აპირებდნენ, იყო ის, რომ არიქა, ბობოხიძეებმა მოგვტაცეს ბესო და გვიშველეთ, რომ დავიხსნათო და მე არა მგონია, რომ ეს ახალი ყოფილიყო პრემიერის გუნდისთვის, რომ ბესო სურმავა ხონელი იყო, მათი კანდიდატი ხონში იყო ბესო სურმავას ცოლის ძმა. ყოველ  შემთხვევაში, ეს თემები არ არის ნამდვილად ჩემი განსახილველი. პრემიერს მე მოვუწოდებ, დაანებოს ანალიზებს თავი და მიხედოს საქმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი