გიგი უგულავას თქმით, პროკურორის მხრიდან ხსენებული გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეთა შანტაჟს და დაშინებას ისახავს:
“რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების გასამართლებლად პროკურორმა მაგალითად მოიყვანა დასუფთავების ტარიფის დარიცხვასთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რითაც აშკარად შეეცადა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებასა და გამოძიების რეალური მიზნების შენიღბვას.
გარდა ამისა, მთავარი პროკურორი ავლენს ზერელე ცოდნას თავისივე უწყების მიერ წარმოებული გამოძიების შესახებ. ის, ასევე, სრულიად შეგნებულად ახდენს ფაქტების გაყალბებას, როცა ამბობს, რომ არსებული გამოძიება ემთხვევა დასუფთავების ტარიფის ამოქმედებას. ფინანსური პოლიციის ბრიფინგიდან ჩანს, რომ პრეტენზია ვრცელდება 2009 წლის 31 დეკემბრის საქმესთან დაკავშირებით და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ თანხვედრა ამ ორ ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელ მოვლენას შორის არ არსებობს”, – ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.
გიგი უგულავას თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კბილაშვილმა, ივანიშვილის დავალებით, გამოძიება პოლიტიკურად მიუღებელ პირებთან ბრძოლის მახინჯ ინსტრუმენტად აქცია.
შეგახსენებთ, რომ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, შპს “თბილსერვის ჯგუფის” თვითდაფინანსებაზე გადასვლა და დასუფთავების გადასახადის დენის გადასახადზე მიბმა ერთდროულად მოხდა:
“მოქალაქეები იხდიდნენ გაზრდილ გადასახადს დასუფთავებისთვის, ეს გადასახადი მნიშვნელოვანწილად ხმარდებოდა ერთი პოლიტიკური პარტიის, “ნაცმოძრაობის” აქტივისტებს, რათა მათ პოლიტიკური საქმიანობა ეწარმოებინათ”, – განაცხადა კბილაშვილმა. მისი თქმით “თბილსერვის ჯგუფთან” დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ.