ახალი ამბები

ომბუდსმენმა კაფე “კივის” მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

3 მაისი, 2017 • 2566
ომბუდსმენმა  კაფე “კივის” მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა ვეგანური კაფე “კივის” ადმინისტრაციის მიმართ ფართის მესაკუთრის მხრიდან სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. ომბუდსმნემა საქმე EMC-ის განცხადების საფუძველზე შეისწავლა და ფართის მფლობელს რეკომენდაციით მიმართა.

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ფართის მესაკუთრემ “კივის” ადმინისტრაციის მიმართ ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია გარეგნობის ნიშნით, ასევე, ასოციაციითი დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე რეკომენდაციით მიმართა, რომ მომავალში თავი შეიკავოს სახელშეკრულებო თუ სხვა ურთიერთობებში დისკრიმინაციული ქმედებებისგან.

EMC-ის ინფორმაციით, სახალხო დამცველის წინაშე წარდგენილ განცხადებაში ორგანიზაცია უთითებდა, რომ ფართის მესაკუთრის მხრიდან ადგილი ჰქონდა რამდენიმე ნიშნით, მათ შორის, არანორმატიული გარეგნობისა და მასთან დაკავშირებული განსხვავებული (შეხედულების), ასევე ასოციაციით სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციულ მოპყრობას, რაც ფართით სარგებლობის დროს საკუთრების უფლების განგრძობადი შეზღუდვისა და საბოლოოდ, ქირავნობის ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტაში გამოიხატა.

EMC-ის მიერ მითითებული ფაქტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდგომ, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ მესაკუთრის მხრიდან “ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის რეალური მიზეზი ემყარებოდა მის სტერეოტიპულ განწყობებს კონკრეტული გარეგნობის მქონე ადამიანების მიმართ და ლგბტ ჯგუფთან მათ სავარაუდო აფილირებას”.

2016 წლის 29 მაისს კაფე “კივის” პერსონალს, ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოხდარიდან ცოტა ხანში კი ფართის მეპატრონემ მათ ალტერნატიული ფართის მოძიება მოსთხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი