ახალი ამბები

კონსტიტუციის პროექტის საორგანიზაციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

3 მაისი, 2017 • 2808
კონსტიტუციის პროექტის საორგანიზაციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

დღეს, 3 მაისს, პარლამენტი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის  საყოვლეთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას დაამტკიცებს.

პარლამენტის მიერ მომზადებული დადგენილების თანახმად, კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება, ხოლო წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ექსპერტები – ვასილ გონაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი, ასევე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ჭეიშვილი.

“საყოველთაო განხილვა ამჯერად ოდნავ განსხვავებული სპეციფიკის იქნება. ეს იქნება საორგანიზაციო კომისია,  რომელიც დაგეგმავს შეხვედრებს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და ქალაქებში,  ასევე ეს კომისია განსაზღვრავს იმ პირთა  შემადგენლობას, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ამ შეხვედრებზე, ანუ საროგანიზაციო ფუნქციებს ეს კომისია შეასრულებს,” – ამბობს გიორგი კახიანი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პროექტის სახალხო განხილვები 5 მაისს დაიწყება და 15 მაისამდე გასტანს. კონსტიტუციური კანონის ინიციატორი პარლამენტის 108 წევრია. “ქართულ ოცნებას” პარლამენტში 115 დეპუტატის ჰყავს, რაც აღემატება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვსი საჭირო დეპუტატების რაოდენობას (113 პარლამენტარის ხმა).

დღეს მოქმედი კონსტიტუცია 109 მუხლისგან შედგება, ხოლო ინიცირებულ პროექტში, რომელიც პარლამენტთან შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა – 78 მუხლია. კონსტიტუციის პროექტში მუხლები გადაადგილებული და დაჯგუფებულია, ზოგ შემთხვევაში კი- გაერთიანებული.

კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი 2 000-ზე მეტი სიტყვით აღემატება დღეს მოქმედ კონსტიტუციას.

კონსტიტუციის გადასიჯვის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებს, სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ ცვლილებებს, ცვლილებებს ადამიანის უფლებების ნაწილში და ასე შემდეგ. კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ძირითადი ცვლილებების შესახებ წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი