ახალი ამბები

სახელმწიფოს მურმან დუმბაძის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა – 26 მაისის საქმე

2 მაისი, 2017 • 6726
სახელმწიფოს მურმან დუმბაძის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა – 26 მაისის საქმე

2011 წლის  26 მაისის აქციის მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერის, მურმან დუმბაძის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. დუმბაძის ინტერესებს სასამართლოში საია, კონკრეტულად კი ადვოკატი შორენა ლოლაძე იცავდა.

საიას ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული მიტინგის მონაწილე მურმან დუმბაძის მიმართ უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

“ჩემს მარწმუნებელს დაზიანებული ჰქონდა თავის არე, თვალი, ფეხები-ხელები და ა.შ. მას სპეცნაზმა მიაყენა ეს დაზიანებები”, – ამბობს შორენა ლოლაძე.

ზიანი მურმან დუმბაძემ სიმბოლურად შეაფასა 1 ლარად. “ანუ მას მატერიალური დაინტერესება არ ჰქონია”, – ამბობს ადვოკატი.

საიას ცნობით, მოსარჩელე სამართალდამცველების მხრიდან ღამით, მიტინგის დაშლისას, ძალის გადამეტებაზე დავობდა, რაც სასამართლომ მიიჩნია არაპროპორციულ და გაუმართლებელ საპოლიციო ღონისძიებად.

“ამასთან, მოსარჩელე დაკავების შემდგომ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც, ერთი მხრივ, იგი კვლავ დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას და, მეორე მხრივ, მას რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეცა სათანადო სამედიცინო მომსახურეობით სარგებლობის შესაძლებლობა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა”.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება 2015 წლის ოქტომბერში გამოიტანა, თუმცა აქ საინტერესოა ერთი გარემოება: შსს-მ ეს გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა (რომელმაც ძალაში დატოვა), ხოლო შემდეგ- უზენაესში, რომელმაც წარმოებაში არ მიიღო და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში რამდენიმე დღის წინ შევიდა.

შორენა ლოლაძე ამბობს, რომ 26 მაისის მობლენებზე საიამ რამდენიმე საქმე გაერთიანებული სახით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც წაიღო, სადაც “სახელმწიფომ უფლებების დარღვევა აღიარა და მომჩივანებს მორიგება შესთავაზა”.

“შიდა ინსტანციებში კი ჯიქურად მოგვატარა სამივე ინსტანცია, იმის მიუხედავად, რომ 1 ლარზე იყო ლაპარაკი”.

საია საქართველოს შიდა სასამართლო სისტემაში, მურმან დუმბაძის გარდა, 2011 წლის 26 მაისს დაზარალებული კიდევ ერთი მოქალაქის ინტერესებს იცავს. შორენა ლოლაძე ამბობს, რომ ამ ადამიანმა მორალურ ზიანთან ერთად მატერიალური ზიანიც მიიღო, რადგან შემდგომში მკურნალობა და მედიკამენტების ყიდვა დასჭირდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელწმიფოს მორალური ზიანის სახით 3000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანისთვის 300 ლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა შსს-მ ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა შემდგომ ინსტანციაში და ახლა საქმე სააპელაციო სასამართლოს ეტაპზეა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი