ახალი ამბები

წულუკიანი: ID ბარათმა არაერთ ოჯახს შეუქმნა პრობლემა

30 იანვარი, 2013 • 1609
წულუკიანი: ID ბარათმა არაერთ ოჯახს შეუქმნა პრობლემა

ID ბარათებთან დაკავშირებით მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში” ისაუბრა.

 

“სამწუხაროდ, ახლა მე მიწევს ამის კეთება. ღიად ვამბობ, ვიმყოფები იმ რთულ მდგომარეობაში, როდესაც უკვე არსებული ფენომენის ფუნქციონირების პირობებში მიწევს იმ სამუშაოს ჩატარება, რაც მანამდე უნდა ჩატარებულიყო. არავინ უარყოფს, რომ ევროკავშირი ჩვენგან, მოლაპარაკების გაგრძელების ერთ ერთ წინაპირობად აყენებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ID ბარათი უნდა ჰქონდეთ. ამას არავინ აპროტესტებს. მე ვამბობ იმას, რომ როდესაც ასეთი სიახლე შემოგაქვს, და იცი, რომ არის სერიოზული წინააღმდეგობა ამგვარი ფენომენისადმი, ჯერ უნდა ახსნა-განმარტებითი სამუშაო ჩაატარო. სხვათა შორის, პიარ- კამპანია, რომელიც ბატონმა ვაშაძემ აწარმოა ID ბარათთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტურად ტყუილზე დაფუძნებული. იქ იყო ნათქვამი, რომ ეს ბარათი არის უფრო მეტი, ვიდრე პირადობის მოწმობა. ამ დროს ID ბარათი არ არის უფრო მეტი, ვიდრე პირადობის მოწმობა და არ შეიცავს არანაირ ისეთ ინფორმაციას, რომელიც საშუალებას აძლევს ვიღაცას კოსმოსში გვაკონტროლოს,”-აცხადებს მინისტრი. 

 

როგორც წულუკიანი ამბობს, იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს შეხვედრებს და ატარებს კვლევას, რომ ზუსტად გაიგოს, ვის რა აწუხებს. 

 

“ამ კვლევაში მე მოვიწვიე სასულიერო პირებიც, რომ ზუსტად აგვიხსნან, რა კუთხით ეწინააღმდეგება რელიგიურ დოქტრინას ID ბარათი. აგრეთვე, ჩვენ ვატარებთ კვლევას, რომ საზოგადოებაში ზუსტი სურვილები და პრეტენზიები დავინახოთ. ვატარებთ პრეზენტაციებს, სადაც ახსნილია ერთი ძალიან მარტივი რამ. თუ ID ბარათს კომპიუტერთან არ შევაერთებთ, ის აბსოლუტურად იგივეა, რაც ჩვეულებრივი ლამინირებული ბარათი.”

 

მინისტრის თქმით, “თავს მოხვეულმა ID ბარათმა არაერთ ოჯახს შეუქმნა დიდი პრობლემა, თუნდაც ბავშვის აცრის ან განათლების მიღების მხრივ, და ეს პრობლემები არ უნდა დარჩეს პრობლემებად.”


ID CARD
ID CARD

მასალების გადაბეჭდვის წესი