“ჩვენ ვაპირებთ საპატრიარქოსთან გავაფორმოთ მემორანდუმი, ტექსტი შემუშავებული გვაქვს უკვე, რამდენჯერმე შევხვდით და ვილაპარაკეთ ამ საკითხზე და, სავარაუდოდ, როცა მისი უწმინდესობა დაბრუნდება, უკვე მზად ვიქნებით ხელმოსაწერად. ეს შეეხება პატიმართა რესოციალიზაცია–რეაბილიტაციის საქმეს და ამ საქმიანობაში საპატრიარქოს და ეკლესიის მაქსიმალურად ჩართულობას იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრის თქმით, აქამდე არსებობდა პროგრამა, რომლის ფარგლებში პრობაციონერებს, სურვილის შემთხვევაში, რომელიმე ეკლესიას ამაგრებდნენ და ისინი მათ სასარგებლოდ გარკვეულ საქმიანობას ახორციელებდნენ.
სოზარ სუბარმა არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქოს ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულება გადაეცემა. მისი თქმით, ეს შენობა უნდა დაინგრეს, თუმცა ის საკითხი, თუ სად განთავსდებიან პატიმრები და პრობაციონერები, გადასახედია:
“ეს არის უძველესი და ყოვლად გამოუსადეგარი შენობა, რომელიც აუცილებლად უნდა დაინგრეს და გამოიცვალოს, მაგრამ სანამ ეს მოხდება, მანამდე უნდა არსებობდეს რაღაც ახალი შენობა და ახლა ვმუშაობთ ამ საკითხის გადაწყვეტაზე. ძველი ხელისუფლების პირობებში გადაწყვეტილი იყო, რომ როდესაც აშენდებოდა ახალი ციხე ლაითურში, ეს უნდა დახურულიყო საერთოდ, თუმცა ეს თავისთავად არ არის კარგი. რადგან როდესაც საუბარია მიუსჯელ პატიმრებზე, ისინი სასამართლოზე ლაითურიდან უნდა ვატაროთ ზუგდიდში, ფოთში, წალენჯიხაში, მესტიაში, ზოგიერთი ამ მარშრუტის გავლას სჭირდება რამდენიმე საათი, 5–6 საათი. წარმოიდგინეთ, ამდენი ხანი მგზავრობა, ჯამში, 10–12 საათია, ღამე, უსაფრთხოების პირობები, ხარჯები, ზოგჯერ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ყველაფერი შეიძლება პრობლემური გახდეს, ამიტომ ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი უნდა გადაიხედოს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ეკლესიაში პატიმრების ჩასახლების პროექტზე ზუგდიდის მუნიციპლიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის ყოფილმა დროებით შემსრულებელმა, მერაბ ქვარაიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს სახალხო დამცველთან არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულება არ დაიხურება, საპატრიარქოს უნდა მიუერთდეს.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ პატიმრების ეკლესიაში ჩასახლების საკითხზე დისკუსიის დაწყებაა საჭირო.
“პატიმრების ეკლესიაში ჩასახლების იდეა არის საინტერესო, მე ვფიქრობ, მაგრამ ამას სჭირდება საზოგადოებრივი დისკუსია. კონკრეტულად მე არ ვიცნობ ამ იდეას, ამიტომ ამაზე საუბრის და დისკუსიის დაწყება არის საჭირო. თუ ეს გადაწყდება, იმ ფორმით უნდა მოხდეს, რომ არავის უფლებები არ დაირღვეს. ეს უნდა იყოს დამოკიდებული პატიმრის სურვილზე, მის აღმსარებლობაზე და, რა თქმა უნდა, თანხმობაზე, მაგრამ არა იმ ფორმით, რომ რომელიმე სასჯელაღსრულების დაწესებულება გახდეს თუნდაც საპატრიარქოს ნაწილი”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
საქართველოს საპატრიარქოს, მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მანამდეც არსებობდა. 2010 წლის 12 მარტს საპატრიარქოში ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, საპატრიარქოს შუამდგომლობის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა, ასევე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია ითვალისწინებდა საპატრიარქოს რეკომენდაციას განსასჯელისათვის არასასაპატიმრო სასჯელის მოთხოვნის შესახებ და მსჯავრდებულს შესაძლებლობა ეძლეოდა დაკისრებული სასჯელი სასჯელაღსრულების დაწესებულების ნაცვლად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ეკლესია-მონასტრებში მოეხადა.

