როგორც დავით ჭაკუას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, საქმეში არსებობს ლევან ფხალაძის ჩვენება, რომელიც ვლადიმერ ბედუკაძეს წამებაში ამხელს:

ვლადიმერ ბედუკაძე
ვლადიმერ ბედუკაძე

“დავით ჭაკუას ოჯახი უნდობლობას უცხადებს ამ საქმის გამოძიებას, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ საქმეში არის ჩვენება, სადაც პირდაპირაა აღწერილი, თუ როგორ აწამებს ციხეში ვლადიმერ ბედუკაძე თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ერთ–ერთ პატიმარს. ეს არის ლევან ფხალაძის ჩვენება და მიუხედავად ამისა, მაინც არანაირი რეაგირება არ არის გამოძიების მხრიდან, ამ კუთხით გამოძიება საერთოდ არ მიმდინარეობს”, – აცხადებს მალხაზ ველიჯანაშვილი.

ჩვენებაში, რომელიც ადვოკატმა ჟურნალისტებს წარუდგინა მოწმე ლევან ფხალაძე აღწერს, თუ როგორ მიაბა ვლადიმერ ბედუკაძემ ერთ–ერთი პატიმარი საკნის გისოსზე და შემდეგ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში აწამებდა მას. მოწმე ასევე წერს, რომ ბედუკაძე აღნიშნულ ფაქტს ვიდეოკამერით იღებდა.

მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ასევე მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ვლადიმერ ბედუკაძე რაიმე თანამდებობაზე დაინიშნოს. მისი განმარტებით, ამის თქმის საფუძველს მოწმე ნუგზარ მაჭარაშვილის ჩვენება იძლევა:

“მან [ვლადიმერ ბედუკაძემ] თქვა, რომ ეს ვიდეოკადრები ღირდა 2 000 000 (ორი მილიონი), მაგრამ მას არ უნდოდა ფული და უნდოდა თანამდებობა”, – აღნიშნულია ნუგზარ მაჭარაშვილის ჩვენებაში.

როგორც ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ ბედუკაძის წინააღმდეგ არსებობს ჩვენებები, მაგრამ ბედუკაძე მაინც თავისუფალია, ბაჩო ახალაიას დაპატიმრება უსამართლოა:

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

“რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ბაჩო ახალაიას საქმეზე მეორედ გააგრძელა გამოძიების ვადა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ მტკიცებულებები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მას წაუყენეს ბრალი, სადაც წამების მუხლი აღარ ფიგურირებს. ხოლო ის მუხლები, რაც მას ბრალად აქვს წაყენებული,  არის სრულიად უსაფუძვლო და ამ მძიმე მუხლებთან მიმართებაში მოწმეთა ჩვენებებიც კი არ არსებობს. ბაჩო ახალაიას დაკავება არ ემყარება არანაირ მტკიცებულებას და არის მხოლოდ პრევენციის სახით განხორციელებული. თვითონ ჯარისკაცების წამების ფაქტის განხორციელებასთან დაკავშირებით არავინ არ არის დაკავებული, ხოლო ბაჩო ახალაია დაკავებულია იმის გამო, რომ ვიღაცას დაავალა მათი წამება”, – განაცხადა გიორგი ონიანმა.

ადვოკატის თქმით, ამ გარემოებების გამო მათ სასამართლოს უკვე მიმართეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმების, გირაოთი ან თავდებობით შეცვლასთან დაკავშირებით:

“იმედია, ჩემი განცხადების შემდეგ ბატონი კბილაშვილი არ გამოვა და არ განაცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას წაუყენეს რაღაც ახალი ბრალი”, – განაცხადა გიორგი ონიანმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *