ახალი ამბები

თბილისის მერია: მოვუწოდებთ მძღოლებსა და „თბილისის მიკროავტობუსს“, გამონახონ საერთო ენა

25 იანვარი, 2013 • 1116
თბილისის მერია: მოვუწოდებთ მძღოლებსა და „თბილისის მიკროავტობუსს“, გამონახონ საერთო ენა

მერია სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების დღევანდელ გაფიცვას ეხმაურება, სადაც გაჟღერდა ინიციატივა, რომ გაუქმდეს თბილისის მერიის მიერ 2011 წელს ჩატარებული კონკურსის შედეგები:

 

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კონკურსი კანონის სრული დაცვით ჩატარდა და ის სამართლიანობის  პრინციპზე იყო დაფუძნებული. მისი რევიზიის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს და თუ რომელიმე მხარე, მათ შორის ე.წ. „ხაზების ძველი მეპატრონეები“, კონკურსის შედეგებს სადავოდ მიიჩნევს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და საკუთარი პრეტენზა დააფიქსიროს.

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მძღოლებსა და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებს, გამონახონ საერთო ენა,  ცივილიზებული გზით  გადაწყვიტონ არსებული დავა და პარალელურად ქალაქში სამარშუტო ტაქსებმა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ  მუშაობა, რათა გათვალისწინებული იქნას თბილისელების ინტერესები”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისის მერიის მთავარ ამოცანას თბილისელების უსაფრთხო, კომფორტული გადაადგილება და მგზავრობის ხელმისაწვდომი ტარიფის არსებობა წარმოადგენს:

 

“შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სამარშრუტო ტაქსების მოწესრიგება, ავტოპარკის სრული განახლება და მგზავრობის უსაფრთხოების ამაღლება, პირველ რიგში სწორედ თბილისელების ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი