ახალი ამბები

სუს-ში ადასტურებენ, რომ ირაკლი სესიაშვილის შვილი დაასაქმეს

26 აპრილი, 2017 • 4697
სუს-ში ადასტურებენ, რომ ირაკლი სესიაშვილის შვილი დაასაქმეს

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შვილი დავით სესიაშვილი დაასაქმეს და მის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტი დამალეს. სუს-ში სესიაშვილის სამსახურში აყვანის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა რაიმე სახის კანონდარღვევას უარყოფენ.

როგორც პარტიაში აცხადებენ, შსს-მ დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები თბილისში მომხდარი ქურდობის ადგილიდან ამოიღო. პარტიის ინფორმაციით, სუს-ში მუშაობის დაწყებამდე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ ანაბეჭდები ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდების იდენტურია. მათივე მტკიცებით, ფაქტის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელებმა იცოდნენ და ქურდობის შესახებ ინფორმაცია მთავარი პროკურორის მითითებით დამალეს. ენმ სამართალდამცავი სტრუქტურებისაგან ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვს.

სუს-ში კი აცხადებენ, რომ სესიაშვილი სამსახურში კანონის დაცვით მიიღეს და მის მიერ ჩადენილი რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა. სუს-ში არ ამბობენ, გაასაჯაროებენ თუ არა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას.

“დავით სესიაშვილი მუშაობს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში. მას 14 მარტს გაუფორმდა 6-თვიანი შრომითი ხელშეკრულება. სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა. შესწავლის შედეგად, მის მიერ ჩადენილი რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა და აღნიშნული პირი აყვანილი იქნა სამსახურში,” – აცხადებენ სუს-ში.

ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გენერალურ პროკურორსაც სთხოვს განმარტებას და გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გასაჯაროებას მოითხოვს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათ საქმესთან დაკავშირებით ანარაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ, რადგან მას შსს იძიებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი